საფეხბურთო ტაიმაუტი | ძოძუაშვილი ქართული გუნდების ევროგამოსვლით აღშფოთებულია - ფეხბურთს ხელს თუ ჰკიდებ, ევროპელთა ბიუჯეტის ნახევარს მაინც უნდა აძლევდე #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ძოძუაშვილი ქართული გუნდების ევროგამოსვლით აღშფოთებულია - ფეხბურთს ხელს თუ ჰკიდებ, ევროპელთა ბიუჯეტის ნახევარს მაინც უნდა აძლევდე #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევროტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების გამოსვლაზე მკაცრად ისაუბრა და გუნდებს ურჩია, მწვრთნელები სტაჟირებაზე მიავლინონ ან ვილი სანიოლისგან რჩევები მაინც მიიღონ.

„ევროპულ დონეზე რომ ითამაშო, ამას სჭირდება თავდადება და ვარჯიში. ნაკრებმა კარგი მაგალითი მოგვცა და ბოლო თამაშები ისე ჩაატარა, ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვძლებია. ეროვნული ლიგა დაიწყო და 4-5 გუნდი ისეთ ფეხბურთს აჩვენებს, მადლობა უნდა ვუთხრათ.

– ამ დროს დაიწყო ევროტურნირები და აქ უკვე საძებარია, რატომ გვაქვს ასეთი ჩავარდნა? რა დროს მწვრთნელის შეცვლა იყო „დინამო თბილისში“, ევრომატჩებამდე ორი კვირით ადრე. როგორ გინდა, ასეთ მცირე დროში მწვრთნელმა 30 ფეხბურთელის პლუს-მინუსი შეაჯამოს და საჭირო ტაქტიკა შეარჩიოს?

– ყველა უნდა მიხვდეს, ჯერ ფეხბურთი უნდა იცოდე და ხელი მერე უნდა მოკიდო. ვინ გყავს ასეთ სელექციონერი, შენი აკადემიის გაზრდილი ნიჭიერი მოთამაშეები ბათუმში რომ მიდიან – მერე გინდა ამ გუნდს მოუგო?! ვერ მოუგებ.

– ფეხბურთს ხელს თუ ჰკიდებ, სელექციაც კარგი უნდა გქონდეს, კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელიც მოიყვანო და იმ ფულის ნახევარს მაინც უნდა აძლევდე, რასაც ევროპაში იხდიან. მაშინ იქნები დიდ ფეხბურთში. თორემ დარჩები ამ მდგომარეობაში. ასეთი აკადემია გქონდეს და ასეთ დონეზე იყო?!

– მეორე ნომრად გვეთამაშა „პაიდე“ და ის ვერ გავიგეთ, რომ დაცვაში ზონები გაიხსნა, სამი გოლი გაგვიტანეს და დაამთავრეს თამაში. ამას აკეთებს მთელი ევროპა. ესტონელებმა შემოგვიტყუეს და მოგვიგეს. რა კარგი შეცვლები გააკეთეს – ვინც შემოიყვანეს, ყველამ გაიტანა. ჩვენ კი ფეხბურთელები გამოვცვალეთ და გოლები აქეთ მივიღეთ.

– „დინამომ“ კარგად დაიწყო და მერე ჩაჯდა დაცვაში, ფიქრობდნენ, ამათ მაინც მოვუგებთო. შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს და ყველა წინ რომ წავიდა, დარჩა ზონები თავისუფალი. მეტი უნდა ვისწავლოთ და ასე არ მოგვივა.

– იმათი მწვრთნელი ნიჭიერი კაცი აღმოჩნდა, ტაქტიკით მოგვიგო. შეცვლებით „დაგლიჯა“. ბოლოს 15 წლის ბიჭი შემოიყვანა და იმანაც გაიტანა. მიმაჩნია, რომ ევროტურნირზე გუნდები რომ გადიან, იმ გუნდების მწვრთნელები სანიოლთან ერთად უნდა დასხდნენ და ამ თემაზე ისაუბრონ, რადგან ამ კაცს ანჩელოტისთან უმუშავია და ჩვენ მწვრთნელებს ბევრს ასწავლის“.