საფეხბურთო ტაიმაუტი | „დინამო თბილისის“ აკადემიის დირექტორი - პარკაძე ზაფხულის შეკრებას „ბაიერნის“ პირველ გუნდთან გაივლის #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ გუნდის აღზრდილ ლუკა პარკაძეზე ისაუბრა, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა – მისი თქმით, გერმანულ გრანდს მოთამაშე 2023 წლის ზაფხულში შეუერთდება და შეკრებას მთავარ გუნდთან ერთად დაიწყებს.
„ამდენი ფეხბურთელის გაყიდვიდან „დინამო თბილისმა“ რაიმე სარგებლობა მიიღო? ციფრებს არ გეკითხებით. როგორია, შენ 11 წელი ზარდო მოთამაშე და მერე ისე წავიდეს, რომ „დინამო თბილისის“ აღზრდილია თუ ქუთაისის „ტორპედოსი“, ბევრმა არ იცოდეს და რაც მთავარია, თანხა უნდა მიიღო, რომ ეს სახსრები ახალი თაობის გაზრდაში ჩადო“, – ეს კითხვა გვანცელაძეს გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა დაუსვა.
„ფინანსური თვალსაზრისით შესაძლებელი იყო, ზოგიერთი მოთამაშის ტრანსფერში მეტი სარგებელი მიგვეღო. მაგრამ ლუკა გაგნიძის ტრანსფერით გუნდმა ისარგებლა. ჩვენ გვყავს კიდევ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბს კარგ სარგებელს მოუტანენ. ვგულისხმობ კარგ ევროპულ კლუბში მათ ტრანსფერს და სოლიდური თანხების შემოსვლას.
ლუკა პარკაძეს რაც შეეხება, ის ტიპური ვინგერია, რომელიც გამოირჩევა მაღალი სისწრაფით, კარგი დრიბლინგით, ინდივიდუალური თვისებებით – ეს თვისებები აღმოაჩინეს და კარგად შეაფასეს „ბაიერნის“ სკაუტებმა. წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმდა და ჩემი ინფორმაციით, ის ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდს მიუნხენის „ბაიერნის“ პირველ გუნდთან გაივლის.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო – ამ თაობაში არიან მოთამაშეები, რომლითაც „დინამოს“ აკადემიის ცნობილი აღზრდილების რიგში მოხვედრა შეუძლიათ.
კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე ლოკაცია მონიშნა, სადაც შესაძლებელი იქნება ერთობლივი ბაზის აშენება „დინამოსა“ და აკადემიის ასაკობრივი გუნდებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ძალიან ახლო კავშირი იქნება პირველ, მეორე და აკადემიის გუნდებს შორის და ეს ახალგაზრდა მოთამაშეთა მოტივაციას გაზრდის. ერთ სივრცეში ყოფნა დიდ სარგებლობას მოგვცემს“, – განაცხადა „დინამო თბილისის“ აკადემიის დირექტორმა.