საფეხბურთო ტაიმაუტი | დებიუტანტის ასეთი ფენომენალური დასაწყისი არსად მინახავს - საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დებიუტანტის ასეთი ფენომენალური დასაწყისი არსად მინახავს - საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ვეტერანმა, კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ (ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჯგუფში მოხვდა) ქართული ფეხბურთის გამოცოცხლებაზე ისაუბრა, მთავარ მიზეზად კი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

„ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატი გამოცოცხლდა, მაგრამ ქართული ფეხბურთი გამოცოცხლდა და მიხარია, რომ აჟიოტაჟი დაიწყო. ეს კვარაცხელიას და მისი არნახული თამაშის დამსახურებაა.

სიმართლე გითხრათ, მე არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი დონის ჩემპიონატში პირველივე სეზონში ხვიჩასავით დაეწყოს თამაში – მსოფლიო დონის ვარსკვლავებსაც კი. ვგულისხმობ მის თამაშს არა მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში, არამედ, ჩემპიონთა ლიგაზეც. ველოდი, რომ ხვიჩას კარგი სეზონი ექნებოდა, რადგან ნაკრების თამაშებში დაამტკიცა, რომ კარგი ფეხბურთელია. მაგრამ არსად მინახავს, რომ დებიუტანტს ასეთი ფენომენალური დასაწყისი ჰქონოდეს.

მსოფლიოში ფეხბურთელების დეფიციტია. გამოჩნდა კვარა, რომელსაც მოტყუება შეუძლია და მთელი მსოფლიო მასზე ლაპარაკობს. იმედია, ხვიჩა ასეც გააგრძელებს და მასთან ერთად სხვა ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან. მის ოჯახს და თავად ხვიჩას ვიცნობ და კარგი ბიჭია. უნდა, უფრო დაიხვეწოს და უფრო კარგ დონეზე ითამაშოს. ისეთ ვარსკვლავს რომ შეგადარებენ, როგორიც მარადონაა, ეს ხუმრობა არაა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.