საფეხბურთო ტაიმაუტი | დავითაშვილს ერთა ლიგაზე გამარჯვების იმედი აქვს - სანიოლმა ქართველები გაგვიცნო და ახლა მუშაობა უფრო გაუადვილდება #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ერთა ლიგაზე საქართველო წარმატებას მიაღწევს – ამის შესახებ ჩვენი ნაკრებისა და ტულას „არსენალის“ შემტევმა ნახევარმცველმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ერთა ლიგაზე კარგად დავიწყებთ, ჯგუფს პირველ ადგილზე დავასრულებთ და ნახევარფინალსა და ფინალში ვითამაშებთ. ჩემი აზრით, ამის ძალა შეგვწევს. არაა ისეთი ჯგუფი… რამის მიღწევა თუ გვსურს, ამ დონის მეტოქეებთან უნდა გავიმარჯვოთ. წილისყრით მე პირადად კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ზურიკო დავითაშვილმა.
20 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში რევანშს აიღებს:
„შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქის, ბულგარეთის ნაკრების წევრი კოსტადინოვი „არსენალში“ ჩემი თანაგუნდელი და კაპიტანია. ძალიან კარგი ფეხბურთელია. ნახევარდაცვაში თამაშობს. სოფიაში 4:1 რომ მოგვიგეს, ბოლოს შემოვიდა. როდესაც გუნდში დავბრუნდები, ამაზე ვისაუბრებთ. ბულგარეთს კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ რევანშიც ასაღები გვაქვს – ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც რევანში გვაქვს ასაღები. რევანშის გრძნობა დიდი მოტივაციაა. დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარიც იქნება სტადიონზე და დაგვეხმარებიან. ფეხბურთელებისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს“.
დავითაშვილმა ვილი სანიოლის მთავარ პლუსი დაასახელა: „ჩემი აზრით, სანიოლის დისციპლინა ძალიან მაღალ დონეზე აქვს. ძალიან დიდი დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშები, იცის იქაური მიდგომები და თავიდან ჩვენს ხასიათს ეცნობოდა, გაიგო, როგორები ვართ ქართველები და ახლა მუშაობა უფრო გაუადვილდება. ჩემი აზრით, მას უნდა გავყვეთ, მისი ყველას გვჯერა და იმედია, დადებითი შედეგები იქნება“.
20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ნაკრების შეცვლილ სქემაზეც ისაუბრა: „ჩემი აზრით, სანიოლმა სასურველ სქემას მიაგნო და ალბათ, ახალ ციკლსაც ამ სქემით გავაგრძელებთ. რაც შეეხება ბევრი ფეხბურთელის გამიძახებას, ეს შანსი და სტიმულია, რომ თავი ყველამ წარმოაჩინოს. ვინც თავს გამოიჩენს, ნაკრებში აუცილებლად უნდა იყოს“.
დავითაშვილის თქმით, ბულგარეთმა ოქტომბერში ამხანაგური შეხვედრა დისციპლინის ხარჯზე მოიგო:
„ძალიან დისციპლინირებული გუნდია, განსაკუთრებით დაცვაში, რა შანსების შექმნეს, გამოიყენეს და შეტევაში შანსს არ გვაძლევდნენ. ჩვენც კარგად ვერ ვითამაშეთ. მაშინ მე ნაკრებში სადებიუტო გოლი გავიტანე და ეს მიხაროდა, მაგრამ შედეგით გულდაწყვეტილი ვიყავი“.
მისი თქმით, ჯგუფში ბულგარეთზე უკეთესი გუნდი შეგვხვდა:
„რა თქმა უნდა, უფრო მაღლა ჩრდილოეთ მაკედონიას ვაყენებ, უფრო გამოცდილი გუნდია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და მათი ფეხბურთელები უკეთეს გუნდებში ირიცხებიან. ჩემი აზრით, მათ უფრო უნდა ვუფრთხილდეთ. რაც შეეხება გიბრალტარს – არც ერთი მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ მათთან 6 ქულა უნდა ავიღოთ“.