საფეხბურთო ტაიმაუტი | დავითაშვილის „ბორდოში“ გადასვლის უცნობი დეტალები - „ლორიანთან“ გარიგება ჩაიშალა, მაგრამ არჩევანით ძალიან კმაყოფილია #1TVSPORT
ვეტერანმა ფეხბურთელმა და მოქმედმა მწვრთნელმა, სულიკო დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ შვილის, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოში“ გადასვლისა და მანამდე მიღებული შემოთავაზებების შესახებ ისაუბრა.
„ზურიკო როგორ მოხვდა საფრანგეთში? ბათუმის „დინამოსა“ და „ლეხის“ მატჩის შემდეგ თბილისში მომყავდა და საფრანგეთიდან დაგვირეკეს – „ლორიანიდან“, რომელიც ახლა (ლიგა 1-ში) მესამე ადგილზეა. მეორე დღეს ზუმით გვქონდა ჩართვა.
ზურიკოს აზრი აინტერესებდათ, წავიდოდა თუ არა ლორიანში“. ეგრევე დავთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გასავარდნ გუნდად ითვლებოდა, მაგრამ 4 თუ 5 კვირა ველოდით. იქ ფეხბურთელები ვერ გაუშვეს და ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება კარისკენ უცბად მიგითითონ, საფრანგეთში კი ფეხბურთელის გაშვება რთულია და მთელი პროცედურები სჭირდება.
ამ ლოდინში ბევრი ევროპული გუნდი უარით გავისტუმრეთ. ცუდად არ ვამბობ, მაგრამ საფრანგეთში გადასვლის შანსი იყო და ამის გამო არ გვინდოდა თურქეთში, უნგრეთში და ისრაელში წასვლა. თუმცა, „ლორიანიდან“ პასუხი აღარ მოსულა, მოთამაშეები ვერ გაუშვეს და თავად ზურიკომ აირჩია „ბორდო“, – მამუკამ უთხრა ეს ვარიანტი.
ახლა ამ არჩევანით ძალიან კმაყოფილია – აქ ლაპარაკია საფეხბურთო პირობებზე, იქ მხოლოდ ფეხბურთი უნდა ითამაშო. თითქმის ყველა შეხვედრას ვუყურებ და თითქმის არ ჩერდებიან. ფიზიკური მომზადებით ძალიან მაღალ დონეზე არიან. ახლა ყველაფერი ზურიკოზეა დამოკიდებული, თავი რომ გამოიჩინოს და ყველაფერი წინ აქვს“, – ამბობს სულიკო დავითაშვილი.