საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით ვოლკოვი - ჩემპიონატის მეორე წრეში თამაში არ წამივიდა, ალბათ, ესაა გამოუძახებლობის მიზეზი #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ივნისის სანაკრებო შეხვედრების შესახებ ისაუბრა. აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელმა „ჯვაროსნებში“ გამოუძახებლობის მიზეზებზე საკუთარი მოსაზრება გამოხატა.
– ნაკრებში თამაში ყველა მოთამაშის ოცნებაა. ველოდებოდი, რომ ნაკრებში გამომოძახებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. არ ვიცი, რატომ. ალბათ, მწვრთნელმა და სამწვრთნელო სტაფმა გადაწყვიტეს, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.
– ისღა დამრჩენია, რომ ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. შესაძლოა, იფიქრეს, ამით სტიმული მომცეს, რომ მომავალში უკეთ ვითამაშო. ახლა გაორმაგებული ძალით შევეცდები ნაკრებში მოხვედრას, მაგრამ არა მგონია, რომ არგამოძახება ფეხბურთელისთვის მოტივაცია იყოს.
– სანიოლის მოსვლის შემდეგ შანსი ყველა ფეხბურთელს ეძლევა. ისეთებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება, თავადაც არ ჰქონდათ იმედი. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, გამომიძახეს, ჯერ შვედეთთან მათამაშეს, მერე კი უზბეკეთთან – ძირითადში.
– გაფართოებულ განაცხადში ვერმოხვედრის ერთი მიზეზი ალბათ, ისაა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ნახევარში ისე ვერ წამივიდა საქმე, როგორც პირველ ნახევარში. სეზონი კარგად დავიწყე, გადამწყვეტი გოლებიც გავიტანე… შემდეგ ისეთ ფორმაში არ ვიყავი, სისტემატურად ვერ ვიტანდი და ეტყობა, ის ვერ დაინახა სანიოლმა, რასაც ელოდა. არადა, ერთი ვარჯიში არ ჩამიგდია. უბრალოდ, გუნდმა თამაში შეცვალა და 90 წუთი ისე ჩაივლიდა, რომ გუნდი მომენტებს ვერ ქმნიდა.
– გიბრალტართან მატჩი ვნახე და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ბოლო დროს გუნდი გამართულად, შემართებით თამაშობს, ეს მწვრთნელის დამსახურებაა. მნიშვნელოვანი იყო რებრენდინგიც, რაც ფეხბურთელებმა მოედანზე გადაიტანეს. ბევრს ნიშნავს იმის შეგრძნება, რომ საქართველოს წარმოვადგენთ.
– ყოფილა შემთხვევა, სუსტ გუნდს ხვდები, მაგრამ თამაში არ გამოგდის. აქ ახალი ციკლის დაწყების ფაქტორიც იყო. მნიშვნელოვანია შემართება და იმედია, ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ჩვენ გვინდა.
– დღეს ნამდვილად გვყავს ის ნაკრები, სადაც თამაში და ჩასვლა გიხარია. ეს გუნდს ეტყობა – გუნდში კარგი განწყობაა, ყველაფერი დალაგებულია და არაფერი გაწუხებს, ფეხბურთელი კი 200 პროცენტით თამაშზეა კონცენტირებული, ჩანს ხარისხიც და ისიც, რა უნდა მწვრთნელს.
– ჯგუფში ყველა შეხვედრაში მოპოვებული ქულაც მნიშვნელოვანია. ბულგარეთი თითქმის ჩვენი ძალის გუნდია. თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს, ასეთ ნაკრებს უნდა მოვუგოთ. რთული ორი მატჩი გველის.
– მიქაუტაძემ ძალიან კარგად ითამაშა, ბევრი კარგი მომენტი შექმნა – ბევრი ვერ გაიტანა, რომ ქმნის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სანიოლის გადასაწყვეტია, ახლა ვის დააყენებს.