საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კერესელიძე - „ტორპედომ“ პარტნიორობა ბრაზილიურ კლუბებთან დაიწყო, ავსტრიელებთან და გერმანელებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კერესელიძე - „ტორპედომ“ პარტნიორობა ბრაზილიურ კლუბებთან დაიწყო, ავსტრიელებთან და გერმანელებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ სამხრეთამერიკულ და ევროპულ კლუბებთან ითანამშრომლებს, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ისაუბრა.

„გერმანულმა ანალიტიკურმა ჯგუფმა გააანალიზა, რომელ ქვეყანას უფრო კარგად ეგუებიან ქართველი ფეხბურთელები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ავსტრიის ბუნდესლიგაა. მაგალითად, ვერ ვიხსენებ ქართველ მოთამაშეს, რომელიც გრაცის „შტურმს“ ვერ შეეწყო.

მათი ანალიზია, რომ ქართველებს გერმანიის ბუნდესლიგაში შეუძლიათ მოხვედრა ავსტრიის გავლით, რომელსაც ჩვენი ლეგიონერები ყევლაზე კარგად ეწყობიან. მე მჯერა, შევძლებთ სისტემის აწყობას, რომ ყოველ ექვს თვეში გავძლიერდეთ, მოთამაშეები კი უცხოეთში გავუშვათ.

პარტნიორული ურთიერთობები ავაწყვეთ ბევრ სხვა გუნდთან – არა მხოლოდ „ინტერთან“. მაგალითად, ბრაზილიურ კლუბებთან, ახლა ვმუშაობთ ავსტრიულ და გერმანულ გუნდებთან. ავსტრიულთან იმ მიზეზის გამო, რაც ჩვენ ვახსენეთ. მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებაა.

რა თქმა უნდა, აქამდე საქართველოს ლიგა, სამწუხაროდ, საინტერესო არ იყო. რაღაც პერიოდი ჩავარდნა გქვონდა და ხმაურიანი ტრანსფერები არ ხორციელდებოდა. კალაძე, კობიაშვილი და იაშვილი ტოპლიგებში მოხვდნენ, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან. კვარაცხელიას და მამარდაშვილის ფაქტორმა ბევრი რამ შეცვალა და კარგი მომენტია ჩვენთვის.

ახლა თვლიან, რომ საქართველოში საინტერესო პროექტების განხორციელება შეიძლება. გუშინ, მაგალითად, რამდენიმე ჯგუფი სხვა კლუბების აკადემიის შექმნის შესაძლებლობაზე გველაპარაკებოდა. „ნაპოლიზეც“ იყო საუბარი, ერთ-ერთ ჯგუფს აქვს ინტერესი, რომ „ბარსელონასთან“ დაიწყოს ურთიერთობა.  გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ  სიტისთან“ მუშაობს და როგორც ვიცი, ამ კუთხით ძვრები აქვს.

კარგად უნდა გავიაზროთ – რეალურად შეიძლება ფეხბურთმა (საქართველოში) სოციალური ფონი შეგვიცვალოს, თუ ჩვენ წარმატებულად ავაწყობთ ამ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიას. ფეხბურთი ყევლას უყვარს და შეიძლება სერიოზული ძვრების წინაპირობა გახდეს. ამიტომაა ჩვენი უნივერსიტეტი ამ სფეროში ჩართული, რადგან გვაქვს იმედი, რომ  ეს გამოვა“.