საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კაკაბაძე - სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებაში უნდა მონაწილეობდეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, დავით კაკაბაძემ ევროპულ და ქართულ კლუბებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. ის გახლავთ უეფა-ს მედიაჯგუფის წვერი, რომელიც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელსა და მწვრთნელს ასახელებს.
„უპირველესად, ყველას მივულოცავ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
რაც შეეხება ევროპულ და ქართულ კლუბებს შორის სხვაობასა და გამოსავალს – მე რეცეპტი არ გამაჩნია, მაგრამ თუ არ ვაღიარეთ, რომ სხვაობა დიდია, წინ ვერ წავალთ.
2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი რომ გვქონდა, მაშინ ერთ ფუნქციონერთან ვიკამათე. ის ამბობდა, რომ ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრების თამაში ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატება იქნებოდა. მე კი კატეგორიულად არ დავეთანხმე, რადგან ყველაზე დიდი წარმატება 1981 წლის 13 მაისია, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვლადიმერ გუცაევიც იყო.
ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა დიდი საქმეა, მაგრამ ეს მხოლოდ იმით იქნება განპირობებული, რომ უეფა-მ ერთა ლიგა მოიგონა, რომლითაც მეორეხარისხოვან ნაკრებებს დიდ ტურნირებზე მოხვედრის შანსი ეძლევათ. ეს კარგია, მაგრამ ამის გამო თავი ხომ არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ.
თბილისის „დინამო“ თანაბარ დონეზე ეთამაშებოდა უძლიერეს გუნდებს, დღეს კი მეორე-მესამე ეშელონის ნაკრებებს ვეთამაშებით და პირდაპირ შესარჩევიდან მაინც ვერ გავდივართ დიდ ტურნირებზე. ჩემპიონთა თასის მოქმედი მფლობელი იყო „ლივერპული“, როდესაც „დინამომ“ 3:0 მოუგო და გათამაშებიდან გამოთიშა.
იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და რეალობას თვალი პატიოსნად გავუსწოროთ. სახელმწიფო საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაში უნდა მონაწილეობდეს და გარკვეული შეღავათებითა და სუბსიდიებით უნდა დაეხმაროს, როგორც თავის დროზე უკრაინაში მოხდა.
გაცვეთილი ფრაზაა, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ ფაქტია – ისტორიას, რომ გადავხედოთ, საქართველო და ჩვენი მოთამაშეები საბჭოთა ფეხბურთში ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. საბჭოთა ჩემპიონატი კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, – ამბობს დავით კაკაბაძე.