საფეხბურთო ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - სკუდეტოს მოგება კვარაცხელიას წინსვლაში მნიშვნელოვანი იქნება, დღეს „ნაპოლი“ იტალიის საუკეთესო კლუბია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი არჩილ არველაძე იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა, მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების სხვა მოთამაშეებზეც.
„ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი „ნაპოლისთვის“ წარმატებული იყო და რაც მთავარია, ეს თამაშები ძალიან მარტივად გაიარეს. რა თქმა უნდა, მთავარ როლში ხვიჩა კვარაცხელია იყო, რაც ყველას გვახარებს. „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვუსურვებდი „ბაიერნთან“ და პსჟ-სთან შეხვედრას. არც ესპანელებთან, „რეალთან“, რომელსაც ცუდ ფორმაშიც შეუძლია მოგება. ყველზე რთული მეტოქე კი „მანჩესტერ სიტი“ იქნება.
„ნაპოლის“ დღეს აქვს ყველაზე კარგი საჩემპიონო შანსი, რადგან ოთხი მთავარი კონკურენტი „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“ და „რომა“ საუკეთესო ფორმაში არ არიან. არც „ატალანტა“ ჩანს იმ დონის, რომ საჩემპიონო ბრძოლას შერჩეს. დღეს „ნაპოლი“ იტალიის საუკეთესო კლუბია. ამიტომ კვარაცხელიას და „ნაპოლის“ აქვს შანსი, დიდი ხნის შემდეგ სკუდეტო მოიგოს. ეს ხვიჩას წინსვლაში მნიშვნელოვანი იქნება.
ვერ ვიტყვი თვისებას, რაც ხვიჩაში არ მომწონს. ასეთი სწრაფი, ჯანიანი, ბურთის ფლობით და მოედნის ხედვის მქონე ფეხბურთელი იშვიათია. არიან ან ძალიან სწრაფი, ცოტა უტვინო და უტექნიკო თავდამსხმელები, ან ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი, მაგრამ ნელები. ხვიჩას კი ყველაფერი აქვს, პლუს ხასიათი და შრომისმოყვარეობა, რაც ცალკე ნიჭია.
საერთოდ, ბოლო პერიოდში თვალშისაცემია, რომ წამყვან ლიგებში ქართველები გამოჩდნენ. კვარაცხელიას გარდა, იტალიაში კიდევ ერთი ქართველი გვყავს, ლოჩოშვილი, რომელიც სულ ჩრდილშია, რადგან მცველები თვალში ნაკლებად გვხდებიან და შემტევებს მეტ ყურადღებას ვაქცევთ. მაგრამ მინდა, წარმატებები ვუსურვო. ასევეა ხოჭოლავა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე სულ თამაშობს. ესპანეთში გიორგი მამარდაშვილია და ძალიან სასიხარულოა, რომ კიტეიშვილი დაბრუნდა – ეს მოთამაშეები ძალიან გვახარებენ“, – განაცხადა არჩილ არველაძემ.