საფეხბურთო ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - ბათუმის „დინამომ“ და მისმა გულშემატკივრებმა ქართულ ფეხბურთში ვითარება შეცვალეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ ევროტურნირზე ბათუმის „დინამოს“ გამოსვლა შეაჯამა.
„ბათუმის „დინამოზე“ გული ძალიან დამწყდა. თუ რამე კარგი და დადებითი დავინახეთ, ამ გუნდს უკავშირდება – გასვლით მატჩში კაცნაკლულმა ითამაშა და სახლშიც მეტოქეზე ერთი თავით უკეთესად გამოიყურებოდა. ძალიან დამწყდა გული, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ასეთი ბავშვური შეცდომით დაკარგა.
– ბოლომდე იმედი არ მაქვს დაკარგული – გუნდი გამოსვლას კონფერენს ლიგაზე აგრძელებს და კიდევ აქვს შანსი, რომ გულშემატკივარი გაახაროს. შარშანაც სტაბილურად ითამაშა და სამი ეტაპი საკმაოდ კარგ გუნდებთან გაიარა.
– მე თუ მკითხავ, ბათუმის „დინამომ“ და მისმა გულშემატკივრებმა, საქართველოს ფეხბურთში ვითარება საერთოდ შეცვალეს. ბათუმელები ორივე თამაშში სჯობდნენ, „სლოვანმა“ კი მგონი რეალურად ერთი მომენტი შექმნა. გამოუცდელობა არაფერ შუაშია, ფეხბურთში ასეთებიც ხდება. ასეთი „ბარსელონასაც“ დაემართა.
– ისე, „სლოვანში“ ქართველების თამაშის გამო გაორება მქონდა, ეს კომენტატორებსაც ეტყობოდათ. მათ შესრულებაზე, მოქმედებაზე. კაშიაზეც ვიტყვი – დაცვაში გამოცდილი და ასეთი დონის ფეხბურთელი ერთი ათად ფასობს.
– ბათუმის „დინამოც“ და ქალაქიც სამაგალითოა, სხვა ქალაში ხარ, ხვა ატმოსფეროა, შედიხარ სტადიონზე და ფიქრობ, რომ სხვა ქვეყანაში ხარ. ფეხბურთელისთვის მეტი უკეთესი არაფერია“, – განაცხადა არჩილ არველაძემ.