საფეხბურთო ტაიმაუტი | ამ ტრამპლინს ბევრი ქართველი მოთამაშე გამოიყენებს - ვეტერანმა ფეხბურთელებმა ევრო 2024-თან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა მოთამაშეებმა და აზერბაიჯანული „გაბალას“ მოქმედმა მწვრთნელებმა, კახა ცხადაძემ და გიორგი ჩიხრაძემ „ჯვაროსნების“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.
გიორგი ჩიხრაძე: „ახლა ლაპარაკია „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩას გადასვლაზე. ეს ხელს ხომ არ შეუშლის ევროპის ჩემპინატამდე კონცენტარციაში? მე ვფიქრობ, ისეთი პროფესიონალია, ეს ფაქტორი არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს. ამავე დროს, ხვიჩა ისეთი პიროვნებაა, დარწმუნებული ვარ, მისთვის ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაში ახალი გამოწვევა იქნება, სადაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს.
მე მისი მჯერა. კვარას საკლუბო ამბავი გარკვეული რომ არ არის და არ იცის, სხვა კლუბში, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა თუ არა, ვფიქრობ, რომ მასზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. დარწმუნებული ვარ, თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, კონცენტრირებული იქნება და ნაკრებისთვის ყველაფერს გაიღებს“.
კახა ცხადაძე: „ეს თემა ჩემთვის არ არასებობს, რადგან ამ ადამიანმა დაგვანახა, რომ მას კონცენტრაციის და მენტალური პრობლემა არასოდეს არ აქვს. ერთადერთი, ეს ჩემი და ყველას სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატი კარიერულად კარგად გამოიყენოს. „ნაპოლის“ ისეთი პრეზიდენტი ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ამაზე ისიც ფიქრობს. შესაძლოა, ხვიჩამ ევრო 2024-ზე ისე ითამაშოს, ნეაპოლელებმა 100 და 150 მილიონი ევრო უფრო იოლად იშოვონ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ამ ტრამპლინს ბევრი სხვა ქართველი ფეხბურთელიც გამოიყენებს“.