საფეხბურთო ტაიმაუტი | ალექსანდრე ჩივაძე - „რეალის“ პრეზიდენტმა ისე გაიგო, თითქოს ვოვა გუცაევს მდინარე ვოლგა ეკუთვნოდა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის ფეხბურთელებმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრეს, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისთვის რა ოდენობის პრემია მიიღეს და ამასთან დაკავშირებით სახალისო ამბავი გაიხსენეს.
ალექსანდრე ჩივაძე: „უფლებას გვაძლევდნენ, რომ ურიგოდ გამოგვეყავანა „ვოლგა“. 1976 წელს, „დინამოს“ ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის თასი რომ ავიღეთ, 2000 მანეთად მოგვცეს ჩამოწერილი ტაქსები, 200-300 ათასი რომ ჰქონდა გარბენი. მე, ჩელებაძეს, ხიზანიშვილსა და კოპალეიშვილს კი ერთი მანქანა მოგვცეს. მე სკამები შემხვდა, ჩელებაძეს – აკუმულატორი, კოპალეიშვილს – „კრილოები“ და ხიზანიშვილს – „მატორი“. გავიდა დრო და შემდეგ ახალკაცს კითხვა გავუბედე, ოთხ კაცს ერთი ჩამოწერილი ტაქსი რატომ მოგვეცით-მეთქი – საკითხი ზემოთ გადაწყდა, ახალგაზრდები არიან და თავში არ აუვარდეთო“.
ვლადიმერ გუცაევი: „წარმოიდგინეთ, რა პერიოდი იყო, რომ ჩამოწერილი „ვოლგა“, რომელსაც ნახევარი მილიონი ჰქონდა გავლილი, და თავში აუვარდებათო. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა. ანეკდოტი პერიოდი იყო “.
თენგიზ სულაქველიძე: „ისე, სიმართლე გითხრათ, ოღონდ თბილისის „დინამოში“ გევთამაშა და ხელფას-პრემიებზე ლაპარაკი არ იყო. მთავარია, ხალხისგან ვიყავით ძალიან დაფასებულები“.
ალექსანდრე ჩივაძე: „1981 წელს მადრიდის ტურნირზე ვითამაშეთ მადრიდის „რეალთან“, მიუნხენის „ბაიერნთან“ და „ალკმაართან“ ერთად. ვოვა (გუცაევი) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სასტუმროში მოვიდა „რეალის“ პრეზიდენტი, ვოვას აყვანა უნდა და ეუბნება, ჩაწერე, რამდენი გინდა ხელფასიო. მთელი გუნდი იქ ვართ – ახალკაცს მაგარი იუმორი ჰქონდა და სერიოზული სახით უთხრა, ეგ ვერ წამოვა, მაგას „ვოლგა“ ჰყავსო. „რეალის“ პრეზიდენტმა რა იცოდა, რომ ეს მანქანა იყო და ისე გაიგო, თითქოს ვოვასი იყო მდინარე ვოლგა (იცინის). ანეკდოტი დრო იყო“.