ქართული ფეხბურთის პროფკავშირის წევრები პოლონეთიდან დაბრუნდნენ და ვარშავის „ლეგიაში“ მიღებულ გამოცდილებაზე პრეზენტაცია გამართეს, – ინფორმაციას ქართული ფეხბურთის პროფკავშირის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ პოლონეთში, ვარშავის „ლეგიაში“ რამდენიმე დღის განმავლობაში გაერთიანების წევრები, გიორგი დეკანოსიძე, გიორგი გეგუჩაძე (უმცროსი) და დავით გელაშვილი იმყოფებოდნენ. მიზანი პოლონეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გამოცდილების გაცნობა იყო.
ქართველი სპეციალისტები უშუალოდ გაეცნენ კლუბის სტრუქტურას, ფილოსოფიას, აკადემიის გეგმასა და განვითარებას, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, კლუბის მეთოდოლოგიას, სკაუტინგს, ვარჯიშებს და სხვადასხვა მიმართულებას. ასევე დაესწრნენ „ლეგიას“ საშინაო მატჩს „რაკუვის“ წინააღმდეგ.