საფეხბურთო ლეგიონი | წიტაიშვილი მატჩის MVP გახდა - ქართველებმა იტალიაში დაისვენეს, აზიაში კი გოლები გაიტანეს #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ გასვლაზე „ელჩეს“ დაუზავდა – 2:2. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ საგოლე პასი შეასრულა, რომელმაც „გრანადა“ წინ გაიყვანა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. Flashscore-ს შეფასებით წიტაიშვილი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო – (7,6 ქულა), Sofascore-მა კი მატჩის MVP-დ აღიარა.
იტალიის სერია B-ში ამჯერად ქართველებს არ უთამაშიათ. „ბრეშამ“ 4:0 დაამარცხა „ფროზინონე“, სადაც გიორგი კვერნაძე სათადარიგოებში დარჩა. „კრემონეზემ“ კი ლუკა ლოჩოშვილის გარეშე „სპეციასთან“ შინ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი 4 მატჩითაა დისკვალიფიცირებულია და კიდევ ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
სამხრთ კორეის K ლიგა 2-ში ბაჩანა არაბულმა გოლი პენალტით გაიტანა „გიონგნამის“ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ გუნდი „ბუჩონთან“ მარცხისგან ვერ იხსნა – 1:4. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ცხრა გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში კი გიორგი ქანთარიას გოლით „შამახმა“ „სუმგაითი“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე გაიტანა და მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.
ასევე ერთადერთი გოლი გავიდა ყაზახეთის პრემიერლიგაში ქართველების გუნდების დაპირისპირებაში, სადაც გიორგი ფანცულაიას (78 წუთი ითამაშა) და ზურაბ თევზაძის (90 წუთი) „ჟენისმა“ გიორგი ქობულაძის (75-ე წუთიდან ითამაშა) „ქაისარს“ 1:0 სძლია. ფანცულაიამ 34-ე წუთზე ბურთი კარში ქუსლით გაგზავნა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი ნამდვილი შედევრი გამოუვიდა.