საფეხბურთო ლეგიონი აზიაში - კორღალიძის გუნდმა პირველად მოიგო, ჩაბრაძემ ასისტი შეასრულა #1TVSPORT
ლევან კორღალიძის „ჟენისმა“ ყაზახეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ყარაღანდის „შახტიორი“ 1:0 დაამარცხა.
ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორ-ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. გამარჯვებულთა შორის იყვნენ ირაკლი ბიძინაშვილი და ზურაბ თავზაძე, ხოლო დამარცხებულებში – ანტონ თოლორდავა და იმედა აშორტია.
„კაისარმა“ „კიზილჟარას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე გიორგი ქობულაძემ ითამაშა, გამარჯვებულების ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა იმნაძე, ხოლო შეცვლაზე ირაკლი ბუღრაძე გამოვიდა.
„ასტანასთან“ 0:2 დამარცხდა „ჟეტისუ“ – გია ჩადუნელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ცოტნე მოსიაშვილი სათადარიგოებში დარჩა. გიორგი ზარიამ შეუცვლელად ითამაშა ალმატის „კაირათში“, რომელიც გასვლაზე „თურანს“ დაუზავდა – 0:0. სტუმართა სამატჩო განაცხადში არ ყოფილა ლუკა გადრანი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.
ირანში კი თავის გამოჩენა შეძლო გოგა ჩაბრაძემ – ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მარჯვენა მცველის დახმარებით „ზობ აჰანმა“ გასვლაზე „ჰავადართან“ ქულა მოიპოვა 2:2. ჩაბრაძემ კი საგოლე გადაცემა შეასრულა.