საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ საკუთარ აკადემიას ააშენებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ საკუთარ აკადემიას ააშენებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ ახალ საფეხბურთო აკადემიას ააშენებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „სამტრედიის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა.

„სამტრედიაში მალე ახალ პროექტს, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას დავიწყებთ. აკადემიაში იქნება ოთხი მოედანი, ადმინისტრაციული, საცხოვრებელი და სასწავლო კომპლექსი. დიდი გეგმები გვაქვს, რადგან გვსურს, რომ კლუბი განვითარდეს. ამის მიზანი ისაა, რომ 10 წელში „სამტრედია“ 90 პროცენტით ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს.

ბოლო წლებში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში ბევრმა სამტრედიელმა ითამაშა: კახა კალაძემ, საბა კვირკველიამ, ჯიმი ტაბიძემ, ბექა მიქელთაძემ, ლევან შენგელიამ, ნიკა ნინუამ, ახლა იტალიაშია გიორგი კვერნაძე გადავიდა. პარადოქსია, რომ ბოლო წლებში სამტრედიაში თანამედროვე საფეხბურთო სკოლა არ იყო და ამის გამო ტალანტები სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ. როცა ნორმალური პირობები გვექნება, შესანიშნავი თაობა წამოვა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მიხეილ ხუციშვილმა.

აქვე ვიტყვით, რომ სამტრედია კიდევ ერთი ქალაქია, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ საფეხბურთო ცენტრს ააშენებს. თებერვალში დაანონსდა, რომ, ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტით, ქალაქს მალე ექნება ორი სტანდარტული მოედანი ტრიბუნითა და გასახდელებით, ასევე დამონტაჟდება განათების სისტემა.

ახალი საფეხბურთო ცენტრი ხის გადამამუშავებელი კომბინატის ტერიტორიაზე მოეწყობა. ამით საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ნორმალურ მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცემა, ხოლო საფეხბურთო სკოლას სათანადო ინფრასტრუქტურა ექნება.

მიხეილ ხუციშვილმა კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა: „მადლობა სფფ-ს, რომელმაც მომავალ წელს ინფრასტრუქტურულ პროგრამაში სამტრედიაში 2 საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა შეიტანა. პლუს ჩვენი საფეხბურთო აკადემია ამოქმედდება და ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი სამტრედია გახდება“.