საფეხბურთო კლუბი „პრიკარპატიე“ უკრაინის თავდაცვას შეუერთდა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „პრიკარპატიე“ თითქმის მთელი შემადგენლობით უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ივანო-ფრანკოვსკის კლუბის 14-მა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა უკრაინელ ხალხს ერთგულების ფიცი დაუდო. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ომის დაწყების შემდეგ, როდესაც პირველი ლიგის საფეხბურთო გუნდში ერთხმად მიიღეს მობილიზების გადაწყვეტილება“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„იყო შიში, არა მარტო ომში წასვლის, არამედ იმისიც, რომ ჯარში პროფესიონალებისთვის ხელი არ შეგვეშალა. უკრაინელმა სამხედროებმა კი ძალიან კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ. ეს იგივეა, ჯარში ფეხბურთელი აიყვანო, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს იყო, რამაც ცოტა დამაბრკოლა – ტვირთად არ გადავქცეულიყავით. მაგრამ როდესაც სამხედრო კომისარმა გვიხსნა, რომ ნელ-ნელა მოგვამზადებდნენ, საფუძვლებს შეგვასწავლიდნენ და გვაჩვენებდნენ, როგორ დავიჭიროთ იარაღი, ვიბრძოლოთ და დავიცვათ უკრაინა, მივიღეთ გადაწყვეტილება და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შევუერთდით. ავტომატის დაშლა, გაწმენდა და სროლა უკვე გვასწავლეს. ყველაფერს თანდათანობით ვითვისებთ“, – თქვა „პრიკარპატიას“ კაპიტანმა ვასილი ციუციურამ.
კომენტარი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომაც გააკეთა.
„ძალიან მადლობელი ვარ გუნდის, მისი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების, რომლებმაც ფიცი დადეს. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში და მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის საფეხბურთო საზოგადოება ჩვენს ჯართან ერთადაა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ამ გაერთიანებამ რასიზმზე დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიგვიყვანოს. თუ ოდესმე გაჩნდება უკრაინის სამხედრო გუნდის შექმნის იდეა, მაშინ ბირთვი უკვე არსებობს. ეს შეიძლება გახდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გუნდი, რომელიც დაკომპლექტდება იმ ბიჭებისგან, ვინც ახლა ჩვენს ქვეყანას იცავს. ალბათ, ასეთი გუნდი ჩვენს გულშემატკივრებში ყველაზე პოპულარული იქნებოდა“.