საფეხბურთო კლუბ „თელავის“ განცხადება - ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ჩვენი გულშემატკივრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრისას „კავკასიონი არენის“ ტრიბუნიდან საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გულშემატკივარი ბაქარ ოთარაშვილი გადავარდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, დაშავებული გულშემატკივრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ბაქარ, შენთან ვართ! ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის მიმდინარეობისას „კავკასიონი არენაზე“ კინაღამ ტრაგედია დატრიალდა და, საბედნიეროდ, გადავრჩით.
ღვთის მადლით, „თელავის“ ექიმებისა და სტადიონზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო პერსონალის დროული ჩარევის შედეგად, ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ჩვენი გუნდის ერთგული გულშემატკივრის, ბაქარ ოთარაშვილის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა.
მადლობა ღმერთს, და გეტყვით, რომ ბაქარი ახლა კარგადაა, რაც მთავარია, ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბაქარ, გვიყვარხარ და შენთან ვართ“, – წერია საფეხბურთო კლუბ „თელავის“ განცხადებაში.
2024 წლის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „თელავი“ შინ, „კავკასიონი არენაზე“ საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
შესვენების შემდეგ მომხდარი ამბის გამო თამაში ხუთი წუთით შეწყდა. მასპინძელთა გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადავარდა. სტადიონზე შეკრებილებმა მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს, როდესაც არბიტრმა თამაში გააგრძელა, რადგან გულშემატკივრის ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.