საფეხბურთო გუნდებს ანალიტიკური სისტემა უფასოდ გადაეცემათ
საფეხბურთო გუნდებს ანალიტიკური სისტემა უფასოდ გადაეცემათ

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ერონული ლიგისა და ლიგა 2-ის მოასპარეზე 20-ივე კლუბს „პოლარის“ ანალიტიკურ სისტემას გადასცემენ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ პროექტს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი სრულად დააფინანსებს.

„კლუბებს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ როგორც მოწყობილობა, ასევე 2018 წლის ლიცენზია, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.

„პოლარის“ სისტემის პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობაზე ყურადღება სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გაამახვილა.

„ეს სისტემა ძალიან დაგეხმარებათ საქმიანობაში და მუდმივად გექნებათ ინფორმაცია თითოეული ფეხბურთელის შესახებ. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური ასევე მზადაა, რომ სისტემის გამართვაში ყველა თქვენგანს დაეხმაროს“, – დასძინა იაშვილმა.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორის, ზაზა დოლიძის განცხადებით, ეს ინიციატივა ქართული ფეხბურთის მომავლისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ეს ფეხბურთის ფედერაციის ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელსაც ფონდის გამგეობამ მხარი დაუჭირა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქართული ფეხბურთის მომავლისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – აღნიშნა ზაზა დოლიძემ.