საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა თბილისის ბავშვთა დღის ცენტრს, „კარიტასს“ ესტუმრა.
მეოთხე წელია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით ბავშვთა რვა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. „კარიტასი თბილისი“ ერთ-ერთია იმ რვა ცენტრისგან. 400 ბავშვი სრულად ფინანსდება, უზრუნველყოფილია საფეხბურთო ეკიპირებით და ბავშვებს საშუალება აქვთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
ბავშვებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის მთავარი არბიტრი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი იყო, ხოლო გუნდებს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე იაშვილმა და ნიკა ჯღარკავამ, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით სირაძემ უკაპიტნეს.
„ამ ბავშვებს უყვართ ფეხბურთი და ჩვენი მიზანია, მათ ფეხბურთში ჩართვის შესაძლებლობა მივცეთ. მასობრივი ფეხბურთის განვითარება ჩვენი პრიორიტეტი და ამ სახეობის წარმატების საფუძველია. მიხარია, რომ დღეს ამ ბავშვებთან ერთად მხიარული საფეხბურთო დღის გატარების საშუალება მაქვს“ – ამბობს დავით მუჯირი.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის მნიშვნელობაზე ილაპარაკა: „მასობრივი ფეხბურთის კვირეულს საქართველო სხვადასხვა ღონისძიებით ხვდება. უეფას ერთერთი ძირითადი მიმართულება მასობრივი ფეხბურთის განვითარებაა და ამ კვირეულის მთავარი მიზანიც იმ პროექტების წარმოჩენაა, რომელიც თავის როლს თამაშობს ფეხბურთის საძირკვლის განვითარებაში.“
უეფას ეგიდით ევროპაში მასობრივი ფეხბურთის კვირეული სექტემბრის ბოლო კვირას აღინიშნება. საქართველოში ღონისძიებები 23 სექტემბერს დავით პეტრიაშვილის არენაზე „მამების თასით“ გაიხსნა. კვირის განმავლობაში სხვა აქტივობებიც დაიგეგმა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 28 სექტემბერს გურიაში, სოფელ ბოხვაურში კიდევ ერთი სოფლის მოედანი განახლდება, 29 სექტემბერს კი ბათუმი აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს. ამავე საღამოს გაიმართება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტის „GOALBACK” პრეზენტაცია, რომლის მთავარი მიზანი, სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა. ღონისძიებების ციკლი 30 სექტემბერს აკეთში მოყვარულთა ლიგის მატჩით დასრულდება.