საფეხბურთო აგენტი დენის ლახტერი - კვარაცხელია ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ტოპ-ჩემპიონატში წავა #1TVSPORT
დენის ლახტერი ფიფა-ს პირველი საფეხბურთო აგენტი იყო რუსეთიდან. ის ბევრი ცნობილი ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენდა. მას კომენტარი რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე საინტერესო მოთამაშეებზე ჩამოართვეს – ხორვატიის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველ ნიკოლა ვლაშიჩზე, მოსკოვის „სპარტაკის“ ფრანგ მცველ სამეულ ჟიგოზე, ნორვეგიის ნაკრებისა და „როსტოვის“ ნახევარმცველ მატიას ნორმანზე და ქართველ თავდამსხმელზე.
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა რუსული ბაზრის ყველაზე საინტერესო პერსონაჟად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. მანამდე კი სხვებზე ისაუბრა.
„ჟიგო? ის საუკეთესო არაა, უბრალოდ, ძლიერ მცველად ჩვენი ჩემპიონატის ფონზე ჩანს, მეტი არაფერია. ნორმანი დაიკარგა. ვფიქრობ, მან პიკს მიაღწია. ვლაშიჩის საკითხიც რთულადაა. მას არ ესმის, რომ იტალიური ფეხბურთის დევნით ის პრობლემებს უქმნის არა ცსკა-ს, არამედ საკუთარ თავს. ცსკა-ში მკაცრი ბიჭები არიან და არსად უშვებენ. ცუდად ითამაშებს და ყველაფერს სწრაფად დაასრულებს. არსად არ წავა, სულ ესაა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვლაშიჩი არ არის საუკეთესო ფეხბურთელი. ჩვენი „ნაცრისფერი“ ჩემპიონატის ფონზე, ის კარგად გამოიყურება. მაგრამ მან სრულად ჩააგდო გასული სეზონის მეორე ნახევარი, ევროზე არაფერი აჩვენა ხორვატიის ნახევრად მკვდარ ნაკრებში და ახლა ის არაფერს წარმოადგენს. ამიტომაა, „მილანს“ რომ ეუბნებიან, მოგვეცი 35 მილიონიო, სასაცილოა“, – აცხადებს დენის ლახტერი.
ამ სამეულის ფონზე ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გამოარჩია:
„ვინ არის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე რუსეთის ლიგაში? კვარაცხელია. ის რუსეთის ბაზარზე ჯერ კიდევ ყველაზე გემრიელი „ლუკმაა“. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ბიჭი ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ტოპ-ჩემპიონატში წავა. მასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებებიც არის“.
დენის ლახტერმა ფიფას ლიცენზირებული აგენტის სტატუსი 1992 წლის 17 დეკემბერს მიიღო. მუშაობდა ანდრეი არშავინთან და გადამწყვეტი როლი შეასრულა მის გადაყვანაში პეტერბურგის „ზენიტიდან“ „არსენალში“. ასევე თანამშრომლობდა დანიელ კარვალიოსთან, პიტერ კრაუჩთან, ანდრეი ლუნევთან, არტემ მილევსკისთან, როდრიგოსთან, როდოლფოსთან, დუდუ სერენსესთან, აიილა იუსუფთან, ლეანდრო პარედესთან, ემანუელ ემენიკესთან. ლახტერი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, რუსეთსა და ისრაელში.