საფეხბურთო აგენტი - ანანიძეს „მანჩესტერ სიტი“ იწვევდა, მაგრამ „სპარტაკმა“ არ გაუშვა #1TVSPORT
მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშის საუკეთესო წლებში ჯანო ანანიძეს შეეძლო „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, მაგრამ გუნდის გენერალურმა დირექტორებმა ქართველი ნახევარმცველის გაყიდვა არ ისურვეს, – ამის შესახებ ყოფილმა ფეხბურთელმა და მოქმედმა საფეხბურთო აგენტმა ალან პრუდნიკოვმა განაცხადა, რომელსაც მიაჩნია, რომ ჯანო ევროპული ფეხბურთისთვის აღმოჩენა იქნებოდა.
საფეხბურთო აგენტმა ალან პრუდნიკოვმა გაამხილა, რომ „მანჩესტერ სიტის“ წლების წინ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის წაყვანა სურდა.
„ვიპოვე კლუბი, რომელიც მზად იყო მისი ტრანსფერი გამოესყიდა. ჯანო გიჟურად ნიჭიერი ბავშვი იყო. მას 14 წლის ასაკიდან ვაკვირდებოდი. მისით „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. მათ სურდათ ჯანოს ყიდვა იმ დროს, როდესაც „სპარტაკში“ ფორმის პიკში იყო, ანუ ტრავმამდე. მაგრამ იმ პერიოდის „სპარტაკის“ გენერალურმა დირექტორებმა ჯანოს გაყიდვის წინადადება არ განიხილეს. სამწუხაროა, მას ხომ ნათელი გონება აქვს და ევროპული ფეხბურთისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდებოდა“, – განაცხადა პრუდნიკოვმა.
მან ასევე გაიხსენა ამბავი, როდესაც ჯანოს ტრანსფერის ნაწილის გამოსყიდვა ერთ-ერთ აგენტს სურდა.
„ადრე ეს ხშირი მოვლენა იყო. მაგალითად, დამირეკეს და კრასიჩის უფლებების 50 პროცენტის 7 თუ 8 მილიონ ევროდ გაყიდვა შემომთავაზეს. ეს ძალიან მოსახერხებელი ბიზნესი იყო, ბაზარი კარგად თუ იცოდი. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ფიფა-მ დააწესა შეზღუდვები და ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია“, – ამბობს პრუდნიკოვი.
ანანიძე თამაშობდა „სპარტაკის“ ახალგაზრდულ გუნდში, რის შემდეგაც გადავიდა მოსკოველთა მთავარ გუნდში, სადაც 10 წელი გაატარა. ამ დროისთვის, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი „დინამო თბილისში“ თამაშობს.