საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვა | კრივი
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დასრულდა A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი სამოყვარულო კრივში (იშტვან ბოშკაის 65-ე მემორიალი). საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრზე ვერცხლის ორი მედალი მოიპოვა.
ჩვენი გუნდის კაპიტანი, ლაშა გურული 63 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალურ ორთაბრძოლაში უნგრელ კოვაც რიჩარდს დაუპირისპირდა. ქართველმა მოკრივემ საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა ბრძოლა, თუმცა, მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება მოულოდნელად ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს მიანიჭეს.
ფინალში კიდევ ერთ ქართველ მოკრივეს უნდა ეასპარეზა. 91 + კგ წონით კატეგორიის გადამწყვეტ ბრძოლაში ნიკოლოზ ბეგაძე ინგლისელ ფრეიზერ კლარკს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ქართველმა მოკრივემ ტრავმის გამო ვერ მოახერხა ფინალში ასპარეზობა და გურულის მსგავსად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები სამშობლოში ვერცხლის ორი მედლით ბრუნდება.