საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ როგე გარდაიცვალა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ როგე გარდაიცვალა #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ როგე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბელგიელი კომიტეტს 2001-13 წლებში ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტი გახდა.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დიდი მწუხარებით აცხადებს სოკ-ის ყოფილი პრეზიდენტის, გრაფ ჟაკ როგეს გარდაცვალების შესახებ. ის 79 წლის იყო“, – გამოაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა.

როგე ბელგიის ჩემპიონი იყო რაგბიში და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში შედიოდა. გარდა ამისა, ბელგიის 16-გზისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ აფროსნობაში. როგორც აფროსანმა, მან მონაწილეობა მიიღო სამ ოლიმპიადაში – 1968, 1972 და 1976 წლებში.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, როგე გახდა ბელგიისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, 2001 წელს კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს. 2013 წლის შემდეგ, ბელგიელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ახალგაზრდობის, ლტოლვილთა და სპორტის საქმეების სპეციალური ელჩი გახდა.

ჟაკ როგეს საპატივცემულოდ, ხუთი დღის განმავლობაში ოლიმპიური დროშა დაშვებული იქნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა ობიექტზე.