საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ინდოეთს ბოიკოტს უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ინდოეთს ბოიკოტს უცხადებს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთის მიერ საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვის პროცესი შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ამ აზიურ ქვეყანაში ორი პაკისტანელი სპორტსმენი არ შეუშვეს.

საქმე ეხება ორ მსროლელს, რომლებიც ინდოეთის დედაქალაქ დელიში მიმდინარე მსოფლიოს თასზე უნდა გამოსულიყვნენ.

14 თებერვალს, ინდოეთის ჩრდილოეთის რეგიონ ქაშმირში, პაკისტანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტერორისტული აქტი განახორციელა, რის შედეგადაც 40 ინდოელი პოლიციელი დაიღუპა და ოფიციალური დელის გადაწყვეტილება პაკისტანელი სპორტსმენებისთვის საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე სწორედ ამ ინციდენტს უკავშირდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სხვა სპორტულ ფედერაციებსაც მიმართავს რეკომენდაციით, რომ ინდოეთში ტურნირები არ გამართონ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გამართვის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი განაცხადი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში უკვე შეიტანა.