საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ავღანელ სპორტსმენებს ეხმარება #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ავღანელ სპორტსმენებს ეხმარება #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია დაეხმარება ავღანელ სპორტსმენ ქალებს ჰუმანიტარული ვიზების მიღებაში, რაც მათ ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავღანელი ქალები ვერ შეძლებენ ქვეყანაში სპორტით დაკავებას. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოძრაობა „თალიბანმა“.

„ვაგრძელებთ მხარდაჭრას ოლიმპიური თანამეგობრობის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ავღანეთში რჩებიან. ჩვენ დავეხმარებით მათ ჰუმანიტარული ვიზების მიღებაში, რაც ქვეყნის დატოვების საშუალებას მიცემს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ ქალებსა და გოგონებს, რომელთა მდგომარეობა შეიძლება განსაკუთრებულად მძიმე იყოს დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე.

ავღანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაუკავშირდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს ტოკიოს ოლიმპიადის დახურვის დღეს. უკვე მაშინ გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ავღანეთში მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით. ამ მომენტიდან ოლიმპიურმა კომიტეტმა დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ყველასთან, ვისაც შეუძლია დაეხმაროს ავღანელ სპორტსმენებს.

ამ მცდელობების შედეგია – ყველა სპორტსმენი, ვინც მონაწილეობდა ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებში, ქვეყნის მიღმა იმყოფებიან. ზამთრის სახეობის ორმა წარმომადგენელმა ასევე დატოვა ქვეყანა და აგრძელებს მზადებას პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის. ავღანეთის ოლიმპიური თანამეგობრობის წევრთა დიდმა ნაწილმა ჰუმანიტარული ვიზები მიიღო და შეუძლიათ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ბახმა.

დატოვე კომენტარი