საერთაშორისო ბანაკი დასრულდა - საქართველომ ამპუტანტ ფეხბურთელთა კემპს უმასპინძლა #1TVSPORT
საერთაშორისო ბანაკი დასრულდა - საქართველომ ამპუტანტ ფეხბურთელთა კემპს უმასპინძლა #1TVSPORT

სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბანაკის დახურვის ცერემონია გაიმართა.

კემპის მონაწილებსა და მწვრთნელებს სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრპეზიდენტ მათეუშ ვიდლაკთან ერთად მიმართა და სერტიფიკატები გადასცა.

ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ბანაკები 2016 წლიდან ტარდება. პირველ ორ კემპს ირლანდიამ უმასპინძლა, ხოლო მომდევნო წლებში ღონისძიება პოლონეთსა და იტალიაში ჩატარდა. კოვიდპანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტრადიციული კემპი ამჯერად საქართველოში ტარდება.

ბანაკს თბილისმა 14 ივლისიდან უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ 6-დან 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელები პოლონეთიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან, ბეგლიიდან, კოსტა-რიკიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. ბანაკის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ვარჯიშობდნენ, ხოლო დასკვნით დღეს თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. საზაფხულო ბანაკზე შვიდი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყვნენ ბავშვები საქართველოდანაც. ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციასთან დიდი ხანია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. რამდენიმე რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩემპიონთა ლიგაც ჩავატარეთ. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა. ფეხბურთს საზღვრები არ აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ითამაშოს ფეხბურთი და იყოს ჩართული ამ პროცესში. მოხარულები ვართ და ვამაყობთ, რომ ამხელა მხარდაჭერა გვაქვს და ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ასეთი ღონისძიებების ჩატარება. ეს ადასტურებს, რომ უეფა-სთან და ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. მზად ვართ, რომ მომავალშიც ვუმასპინძლოთ მსგავს ღონისძიებებს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

გიორგი ხვედელიძე, მწვრთნელი: „კემპი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციას, რომლებმაც ბავშვების გულები გაახარეს. ეს ბავშვები ჩვენი მომავალია. ძალიან კარგი თაობა გვყავს, წინა წლებში ჩატარებული კემპებიდან სამი მოთამაშე უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშობს. გვყავს რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე, რომლებიც საკუთარ სიტყვას იტყვიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, რადგან ვმონაწილეობთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე“.