დიდი ალბათობით, ტორპედო ევროპის ლიგის ახალი გათამაშების მატჩებს ქუთაისში ვერ უმასპინძლებს. ეს პირველ არხთან ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვაძემ განაცხადა.
„სტადიონის განახლებისთვის მოცულობითი სამუშაოები იგეგმება. სავარაუდოდ, ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფარის დაგებას სამ-ოთხ თვეში მოახერხებს, შესვლა და თამაში კი ივლისის ბოლოს ან აგვისტოში იქნება შესაძლებელი. დანარჩენი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ზუსტი დრო უცნობია. ანუ საეჭვოა, განახლება ივნისამდე დასრულდეს და ტორპედომ ევროტურნირის მატჩებს საშინაო არენაზე უმასპინძლოს“, – ამბობს კიკვაძე.
მისი თქმით, მთავარია სტადიონი კაპიტალურად მოწესრიგდეს: „ჩვენი დიდი სურვილია, რამაზ შენგელიას სახელობის არენამ უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ქუთაისი იმსახურებს, ჰქონდეს მაღალი დონის სტადიონი , სადაც ქუთაისის „ტორპედო“ ყველა დონის ევროთამაშებს ჩაატარებს და საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს“.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქუთაისელები საშინაო მატჩებს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებენ, ქუთაისის აია-არენაზე კი გუნდის შესვლა ჯერ ვერ მოხერხდა.