სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის „დინამო“ დასაჯა, გუნდის შემდეგ მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე ბათუმის „დინამო“, მისი პრეზიდენტი და ერთი მოთამაშე დასაჯეს. ამავე დროს, მომდევნო ტურში „გაგრასთან“ გასამართ საშინაო მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
სხდომაზე 5 მაისს ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები განიხილეს. კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შემდეგ დაადგინა შემდეგი დარღვევები: შეხვედრის მიმდინარეობისას ტექნიკურ ზონაში იმყოფებოდა ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე, რომელსაც კომიტეტის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით აკრძალული ჰქონდა სტადიონზე შესვლა. ტექნიკურ ზონაში ყოფნის უფლება კი აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან მატჩის ოქმში.
კომიტეტის დადგენილებით, არჩილ ბერიძემ სადისციპლინო კომიტეტის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სანქცია დაარღვია და, აკრძალვის მიუხედავად, სტადიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დადგენილებით, სანქცია ასევე დაირღვა საფეხბურთო კლუბის მხრიდან, რომელმაც ტექნიკურ ზონაში დაუშვა პირი, რომელიც არ იყო განაცხადში და ამასთან, აკრძალული ჰქონდა სტადიონის ტერიტორიაზე ყოფნა.
დასაჯეს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი პაატა ღუდუშაურიც. კომიტეტის აზრით, მან მეტოქის მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა. ამავე კლუბის გულშემატკივრები მატჩის ოფიციალური პირების მისამართით სკანდირებდნენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. თამაშის მიმდინარეობისას ორ შემთხვევაში მინდორზე შევიდნენ და მოედანზე საგნები ისროლეს.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრება ფულადი ჯარიმა 7000 ლარი, ხოლო პაატა ღუდუშაური დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდა 200 ლარით.