სადიო მანე არ გამორიცხავს, რომ ამ ზაფხულს „ბაიერნში“ გადავიდეს.
Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის მონაცემებით, „ლივერპულის“ შემტევს წარმოუდგენია, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას „ბაიერნს“ შეუერთდება. მიუნხენურ კლუბსა და მანეს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში არის პროგრესი. გადამწყვეტი გახდება უახლოესი სამი-ოთხი კვირა.
სენეგალელის „ბაიერნში“ ხილვა სურთ მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანსა და სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს.
სავარაუდოდ, 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 50 მილიონი ევრო იქნება. მანეს კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში მანემ 50 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.