სადებიუტო გოლი და საგოლე პასი - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთანაც“ გაიბრწყინა, „ნაპოლიმ“ ამსტერდამელები გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა „აიაქსთანაც“ წარმატებულად ჩააატარა, იტალიელებმა კი „ლივერპულის“ და „რეინჯერსის“ შემდეგ ნიდერლანდური გრანდიც დაამარცხეს – 6:1.
„იოჰან კრუიფი არენაზე“ გამართული შეხვედრა ამსტერდამელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-9 წუთზე ანგარიში მოჰამედ კუდუსის გოლით გახსნეს.
კვარაცხელია ყრუდ იყო ჩაკეტილი, მაგრამ მე-16 წუთზე იტალიელებმა გადაცემა ჩაჭრეს, ბურთი კვარაცხელიამ მიიღო და კარში გაუშვა – ბურთმა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ხვიჩამ ორ წუთში საგოლე შეტევა წამოიწყო, რომელიც მატიას ოლივეირამ საჯარიმოში ჯაკომპო რასპრადორის გაუგრძელა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
25-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან დაარატყა და მეკარემ აუღო, ერთ წუთში კი ფლანგიდან ჩაკი ლოსანოს ჩაწოდებულზე დარტყმას ცდილობდა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. 33-ე წუთზე ქართველმა მორიგი შეტევა წამოიწყო და წინ დიდი სივრცე ჰქონდა და კარში კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ დაინიშნა კუთხური, რომლის გათამაშების შემდეგ ხვიჩამ საჯარიმოში ბურთი ჯოვანი დი ლორენცოს გადააწოდა და მან ზუსტი თავური დარტყმით „ნაპოლი“ დააწინაურა – 1:2. 45-ე წუთზე კი ზამბო ანგისას გადაცემით მეკარესთან პირისპირ პიოტრ ჟელინსკი გავიდა და შესვენებამდე ამსტერდამელებს მესამეც გაუტანა – 1:3.
„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც შესანიშნავად დაიწყო – 47-ე წუთზე მეკარის შემოტანილი ბურთი ზამბო ანგისას ჩაჭრა და საჯარიმოში რასპრადორი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა, დუბლი შეასრულა და იტალიელები 1:4 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ორთაბრძოლისას დუშან ტადიჩმა ხვიჩას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და საქართველოს ნაკრების ლიდერს ფეხი ისე ეტკინა, მისი მოედნიდან გასვლა ბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი მაინც გაიტანა – 63-ე წუთზე მატჩის გმირს, რასპრადორის საჯარიმოსთან ბურთი გაუთამაშა, რომელმაც მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა და ხვიჩამ ზუსტად გაისროლა – 1:5.
გოლის შემდეგ კვარაცხელიამ შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა, მაგრამ 73-ე წუთზე მოედანი ტადიჩმაც დატოვა – „აიაქსის“ კაპიტანმა მორიგი უხეშობისთვის წითელი ბარათი სამართლიანად დაიმსახურა. 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯოვანი სიმეონემ ამსტერდამელების კარი მეექვსედ აიღო და „აიაქსის“ განადგურება დაასრულა – „ნაპოლიმ“ 6:1 მოიგო „იოჰან კრუიფი არენაზე“, სადაც მოგება გრანდებსაც უჭირთ.
ჩემპიონთა ლიგის „ა“ ჯგუფში 3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ასპროცენტიანი შედეგით, 9 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას 3 შეხვედრაში შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა – ერთი გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა.