„დინამო თბილისის“ შემტევის ლევან შენგელიას შესახებ არაერთგვაროვანი ცნობები ვრცელდება. თავდაპირველად ქართველი ფეხბურთელის მომავალს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდებს „ტენერიფეს“ და „კადისს“ უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, „დინამოს“ ათიანის მომავალ კლუბად თურქული „კონიასპორი“ სახელდება.
გუნდი, რომელში გადასვლასთანაც შენგელია ახლოსაა, შარშან სუპერლიგაში მერვე ადგილზე გავიდა. აღნიშნულ ცნობას „ელდერმარქი“ (eldesmarque) ავრცელებს და შენგელიას სიტყვებსაც ციტირებს:
„ახლოს ვარ თურქეთში გადასვლასთან. ყველაფერი დეტალურად უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – ამბობს ლევან შენგელია.
ლევან შენგელია „დინამო თბილისის“ ლიდერია და კლუბთან კონტრაქტი აგვისტოს ბოლოს უმთავრდება. შენგელიას ანგარიშზე თბილისურ კლუბში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 7 საგოლე გადაცემა და 15 გოლია. სწორედ შენგელიას ანგარიშზეა „დინამო არენაზე“ ჰოლანდიური „ფეიენოორდის“ კარში გატანილი გოლიც.