საჩოგბურთო რეიტინგის ტოპ-200-ში XXI საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშე მოხვდა
მამაკაცთა ჩოგბურთში ისტორიულ მოვლენას ჰქონდა ადგილი: პირველად პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტოპ-200-ში მოხვდა ჩოგბურთელი, რომელიც XXI საუკუნეშია დაბადებული.
ეს არის 17 წლის იტალიელი იანიკ სინერი, რომელიც 2001 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. გასულ კვირას, მან ხორვატიის ქალაქ უმაგის ტურნირზე დაამარცხა პედრო სოუზა და მეორე წრეში გავიდა. ამან მას კლასიფიკაციაში 199-ე ადგილი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის მაისში სინერმა ამერიკელი სტივ ჯონსონი დაამარცხა რომის „მასტერსის“ პირველ წრეში. ეს იყო მისი მეორე მოგება ATP-ის დონეზე. პირველი გამარჯვება იტალიელმა აპრილში, ბუდაპეშტში მოიპოვა.