საჩემპიონო შანსი - ქართველების „აპოელმა“ ლიდერთან ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა [ვიდეო] #1TVSPORT
ნიქოზიას „აპოელმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კვიპროსის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და ოქროს მედლის მოპოვების მოულოდნელი შანსი გაუჩნდა.
სუპერლიგის 28-ე ტურში საჩემპიონო ჯგუფში „აპოელი“ გასვლაზე ლიმასოლის „არისს“ ესტუმრა, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. ტრავმების გამო მურთაზ დაუშვილსა და გიორგი ქვილითაიას არ უთამაშიათ, ძირითად შემადგენლობაში კი თორნიკე ოქრიაშვილი იყო.
ოქრიაშვილმა მოედანი 81-ე წუთზე დატოვა. მანამდე ბევრი რამ მოასწრო: მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მე-10 წუთზე კი კარის წინ ანტონ მაგლიცა დატოვა, რომელმაც 3 მეტრიდან ვერ გაიტანა. თუმცა, ხორვატმა თავდამსხმელმა 36-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა. 87-ე წუთზე გიორგიოს ეფრემმა „არისის“ კარი მეორედ აიღო. მართალია, მარტილ სლოგარმა (90-ე წუთზე) სხვაობა შეამცირა, მაგრამ „აპოელმა“ მოგება ხელიდან აღარ გაუშვა 2:1.
ჩემპიონატის ლიდერმა „აპოლონმა“ მოულოდნელად მეექვსეადგილოსან „აპოფოსთან“ შინ 0:2 წააგო – რეზი ინჯგია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველადგილოსნის მარცხით ისარგებლა „აპოელმა“, 28 ტურის შემდეგ 50 ქულა დააგროვა და „აპოლონთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.
ტურის მატჩს თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ 18 აპრილს გასვლაზე ლარნაკას აეკ-თან გამართავს. ჩემპიონის ბედი ტურნირის დასრულებამდე დარჩენილ 2 ტურში გადაწყდება. ფინალის ტოლფასი შეხვედრა ლიმასოლში „აპოლონსა“ და „აპოელს“ შორის ბოლო ტურში, 8 მაისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პირველად კვიპროსის ფეხბურთის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ.