მსოფლიოს ჩემპიონსა და რეკორდსმენს ლაშა ტალახაძეს და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ – „ჩიხურას“, საჩხერის მუნიციპალიტეტმა საზეიმო მიღება მოუწყო.
რამდენიმე დღის წინ, ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონზე, ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებულ საჩხერელ ძალოსანსა და მსოფლიოს რეკორდსმენს არაერთი სამახსოვრო პრიზი გადაეცა. ასევე მან ქალაქის ხელმძღვანელობისგან 5 000 ლარიც მიიღო. სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ჩიხურას ფეხბურთელებსაც. საღამოზე, ქალაქის ხელმძღავანელობისგან ასევე გაჟღერდა, რომ 2018 წელს საჩხერის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება, ახალაშენებული ძალოსნობის დარბაზი კი, რომელიც უახლოს მომავალში გაიხსნება – ლაშა ტალახაძის სახელობის იქნება.
აქვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წლის საუკეთესო სპორტმენად, ზედიზედ მეორედ, ლაშა ტალახაძეს დაასახელებს. ეს ინფორმაცია წინასწარ თავად ჩემპიონსა და შეკრებილ საზოგადოებას, ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გაანდო.
სეოკ-ი წლის საუკეთესო სპორტსმენს ოფიციალურად 22 დეკემბერს – სასტუმრო „ბილტმორში“ დაასახელებს.