„საბურთალოში“ დავით პეტრიაშვილი გაიხსენეს - ის უეფა-ს გენმდივნის კანდიდატად განიხილებოდა #1TVSPORT
„საბურთალოში“ დავით პეტრიაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს და ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი საფეხბურთო მენეჯერი გაიხსენეს.
„52 წელი შეუსრულდებოდა დავით პეტრიაშვილს – ქართული ფეხბურთისა და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოამაგეს. პიროვნებას, რომელიც წლების განმავლობაში იდგა ჩვენი ფეხბურთის სამსახურში. „პეტრო“, საშურ საქმეებს აკეთებდა, არა მხოლოდ შინაურ ასპარეზზე, არამედ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში – უეფა-ში“, – ვკითხულობთ „საბურთალოს“ წერილში.
დავით პერტრიაშვილი „საბურთალოს“ ვიცე-პრეზიდენტი იყო.
„გვეამაყება, რომ სწორედ დავით პეტრიაშვილი იდგა „საბურთალოს“ სკოლის სათავეებთან. ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ბევრი მოასწრო, გული კი იმაზე გვწყდება, რომ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტი დარჩა. უკვე მეექვსე წელია „პეტრო“ ჩვენს შორის აღარაა. გამოთქმა, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამ შემთხვევაში აზრსაა მოკლებული. დავით პეტრიაშვილის წასვლით გამოწვეულ ტკივილს, ვერასდროს ვერაფერი გაანელებს“.
დავით პეტრიაშვილი 12 წელი ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი გახლდათ, შემდეგ იყო „დინამო თბილისის“ და უეფა-ს დელეგატი, უეფა-ს დირექტორი (მათ შორის, ევროპის ჩემპიონატზე), ბოლო წლებში კი უეფა-ს ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტში პროექტების უფროსი მმართველი და 54 ეროვნული ასოციაციისთვის უეფა-ს პროგრამა „ჰეთ-თრიკის“ მთავარი საკონტაქტო პირი გახლდათ.
მას ეხებოდა სპორტული და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის ფინანსური საკითხები. ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უმუშავია. ბოლოს, მიშელ პლატინის სკანდალის შემდეგ პეტრიაშვილის კანდიდატურა უეფა-ს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილებოდა.
დავით პეტრიაშვილი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი და საქართველოს ელჩი უეფა-ში, რომელიც ძალღონეს არ იშურებდა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და განვითარებისათვის. მისი დიდი წვლილია, 2015 წელს საქართველომ ევროპის სუპერთასს რომ უმასპინძლა, ხოლო 2017 წელს – 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.
2017 წელს, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონს მისი სახელი მიენიჭა – „პეტრო არენა”. უკვე რამდენიმე წელია დავით პეტრიაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ფუნქციონირებს.