ტარიელ ხეჩიკაშვილი - „საბურთალოს“ სტადიონის აშენება გვსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტერიტორია ვერ გამოიძებნა #1TVSPORT
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის სტადიონის ასაშენებლად თბილისში ადგილი არ გამოინახა.
„ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის „დინამოს“, „ლოკომოტივს“, „ტორპედოს“ და ბათუმის „დინამოს“, იგივე წყალტუბოს „სამგურალს“ და გორის „დილას“ ეს აქვთ. მაგრამ ჩვენ საქმე ნულიდან დავიწყეთ.
ახლა საბურთალოზე ერთი პატარა სტადიონი საკმარისი არაა. გვქონდა მცდელობა, თბილისში, საბურთალოზე სტადიონი აგვეშენებინა. მაგრამ, სამწუხაროდ, ტერიტორია ვერ გამოიძებნა. თბილისი მოკლებულია ამ ფუფუნებას – საკლუბო ბაზა რომ ააწყო, რამდენიმე ჰექტარი მიწაა საჭირო.
სამწუხაროდ, ტერიტორიის პრობლემაა და არა – ინვესტიციის. თბილისში ნორმალურ ადგილზე ბაზა მნიშვნელოვანია. ბატონი ლექსო („ლოკომოტივის“ პრეზიდენტი ლექსო თოფურია) მშვენიერ საქმეს აკეთებს, საგურამოში მშვენიერი ბაზაა, მაგრამ ბავშვისთვის ყოველდღე იქ სიარული რთულია. კლუბები დედაქალაქში მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, რომ კეთილმოწყობილი ბაზა ავაშენოთ.
თუმცა, იმედი გვაქვს, თბილისში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ, რომ ტერიტორია გამოინახოს და ამ მიმართულებით ინვესტიციები განვახორციელოთ“, – განაცხადა „საბურთალოს“ პრეზიდენტმა.