საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა
საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი გახსნა.

ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი აღნიშნულ ქუჩებზე უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს.

კახი კალაძის განცხადებით, ესტაკადაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს.

„დღეიდან აქ ავტომობილით გადაადგილება ყოველგვარი პრობლემისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი. ეს არის პირველი ეტაპი. რაც შეეხება მეორე ეტაპს – თამარაშვილის კვანძს, ექსპერტები მუშაობენ და ვნახოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი და რამდენად იქნება  საჭიროება. ამავე პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, ასევე დამონტაჟდა ახალი გარე განათებები თავისი ევროპული ტიპის LED სანათებით, გზაგამყოფებზე არის მწვანე სივრცე მოწყობილი, სადაც დაახლოებით 400-მდე ხე მცენარე დაირგო, განხორციელდა პანდუსის პროექტი, გაკეთდა პატარა სკვერი და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, ისარგებლონ ამ გამწვანებული სივრცით. ძალიან სასიამოვნო მწვანე გარემოა. ადრე აქ ძალიან მძიმე მდგომრეობაში იყო. პროექტის ფარგლებში კი, ყველაფერი მოწესრიგდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში 165-მეტრიანი სატრანსპორტო კვანძი არაიმპორტირებული, საქართველოში დამზადებული ელემენტებით აშენდა. ხიდი უკვე გამოიცადა დინამიურ 200-ტონიანი დატვირთვაზე, რაც წარმატებით დასრულდა.

სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ” კონსთრაქშენ სერვისი” აწარმოებდა, მერიის ბიუჯეტიდან 2 968 933 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატები.