„საბურთალოს“ პრეზიდენტი: უეფა-ს მესამე ტურნირი ქართული კლუბების შანსია
„საბურთალოს“ პრეზიდენტი: უეფა-ს მესამე ტურნირი ქართული კლუბების შანსია

„საბურთალოს“ ხელმძღვანელობამ სეზონის განახლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

გუნდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ პანდემიის პერიოდის შემდეგ არსებულ ვითარებასა და სატრანსფერო სიახლეებზე ილაპარაკეს. მიუხედავად სირთულეებისა, გუნდმა ახალი პარტნიორები მოძებნა და იმედოვნებენ, რომ ამ რთულ პერიოდს მალე დაძლევენ.

„პანდემიის გამო, საფეხბურთო ინდუსტრია მთელ მსოფლიოში სირთულეებს განიცდის. თუმცა, უეფა, ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ყველაფერს აკეთებენ, რომ კლუბებმა ეს მძიმე პერიოდი ნაკლები დანაკარგებით გაიარონ. ჩვენ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი და ნოვატორი კლუბი ვართ. მიხარია, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, ამ პერიოდში ახალი სპონსორი შევიძინეთ“, – აცხადებს „საბურთალოს“ პრეზიდენტი.

მისი თქმით, კლუბის მიზანი უცვლელია: „ჩვენ ისევ ეროვნულ ლიგაში მოწინავე პოზიციებზე ყოფნა გვსურს და შევეცდებით, გუნდი გავაძლიეროთ. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ პანდემიის პერიოდში კლუბებმა სოლიდარულობა გამოვიჩინეთ, რათა კლუბებს ძირითადი შემადგენლობები შეენარჩუნებინათ“.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბის ევროპულ მიზნებზეც ილაპარაკა: „მიმაჩნია, რომ ჩვენთვის უეფა-ს მესამე ტურნირი, „კონფერენციათა ლიგა“ მშვენიერი სიახლეა. ეს საკლუბო დონეზე დააახლოებით იგივე იქნება, რაც სანაკრებოდ დაარსებული ერთა ლიგა. მიმაჩნია, რომ უეფა-მ ამით ქართულ კლუბებს მისცა შანსი, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ“.