„საბურთალოს“ პრეზიდენტი - „იბერია 1999“-ის დარქმევა მარკეტინგულად გამართლებულია, ლეგიონერებისთვის ტრამპლინი უნდა გავხდეთ #1TVSPORT
„ბენდელას“ სტადიონზე „საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ახალი სეზონიდან „საბურთალო“ „იბერია 1999“-ის სახელით იასპარეზებს. ხეჩიკაშვილმა გუნდის ახალწვეულებიც წარადგინა. ახალი სეზონიდან თბილისურ კლუბში სამი არგენტინელი და ერთი ნიდერლანდელი ფეხბურთელი ითამაშებს.
რომან გამარა, კრისტიან ლუდუენა და ლუსიანო ვიანო არგენტინის ვიცე-ჩემპიონიდან, „ტალიერესიდან“ მიიწვიეს, ხოლო დერეკ აგიაკვა ნიდერლანდური „ტვენტეს“ აკადემიის აღზრდილია. თამაშობდა „უოტფორდის“ 23-წლამდელთა გუნდში, იტალიურ „კომოსა“ და ინგლისურ „პორტვეილში“.
ტარიელ ხეჩიკაშვილი, „საბურთალოს“ პრეზიდენტი: „სახელის გადარქმევას თავისი მიზეზები გააჩნია. ეს ჩემთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლუბის განვითარებისთვის აჯობებს, უბნის გუნდის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. ეს მარკეტინგულადაც სწორი ნაბიჯია და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება.
რაც შეეხება ჩვენს ახალწვეულებს – საქართველოში უცხოეთიდან ძირითადად მოდიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სტიმული არ გააჩნიათ. ასეთების ჩამოყვანა მიუღებელია. ჩვენ გვსურს, რომ მოტივირებული მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ, რომლებსაც პარტნიორი კლუბები გვირჩევენ. მათთვის „იბერია 1999“ კარიერული ტრამპლინი უნდა გახდეს“.
დერეკ აგიაკვა: „ჩამოსვლამდე საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის ვიცი, რომ კვარაცხელია ქართველია. „დინამო თბილისში“ ჩემი მეგობარი, ფაბიან სპორკსლედე თამაშობდა და ჩამოსვლა მან მირჩია. იმედი მაქვს, რომ გუნდს კონფერენსლიგაზე და საქართველოს ჩემპიონატში დავეხმერები“.
კრისტიან ლუდუენა: „ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ აქ ჩამოვედი. ეს ჩემთვის კარიერაში ახალი გამოწვევაა. ვიცი, რომ „საბურთალოს“ რამდენიმე ტიტული აქვს. იმედია, გუნდს წარმატების მიღწევაში ჩვენც დავეხმარებით“.