„საბურთალოს“ პრეზიდენტი ჭიაბრიშვილის წასვლაზე - ყოველთვის გიორგის გულშემატკივარი ვიქნები
„საბურთალოს“ პრეზიდენტი ჭიაბრიშვილის წასვლაზე - ყოველთვის გიორგის გულშემატკივარი ვიქნები

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან გუნდის მიერ მოპოვებული ახალი ტიტულის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რადგან პროფესიულ ფეხბურთში სულ რაღაც ოთხი წლის შემოსულმა კლუბმა ჩემპიონობის შემდეგ, საქართველოს თასიც მოიპოვა. დავით ყიფიანი ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა და მისი სახელობის თასი ჩემი გუნდის საკუთრებაში რომ გადმოვიდა, უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან მომწონა ის ატმოსფერო, რაც გორის სტადიონზე იყო. ჩვენი მიზანია, რომ „საბურთალო“ ნაკრების ერთ-ერთი საბაზო გუნდი გახდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გავახაროთ ის ადამიანები, რომლებსაც „საბურთალოს“ გამარჯვება გულწრფელად გაუხარდათ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

მან კომენტარი მთავარი მწვრთნელობიდან გადამდგარ გიორგი ჭიაბრიშვილზეც გააკეთა: „მან „საბურთალოსთვის“ დიდი საქმე გააკეთა და ქართულ ფეხბურთს ერთად ვემსახურებოდით. ვიცი, მე ყოველთვის გიორგის მადლიერი დავრჩები და არასოდეს დამავიწყდება ის წარმატებები, რასაც გუნდმა მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. გიორგი მუდამ „საბურთალოს“ გულშემატკივარი იქნება, ჩვენ კი მისი და წარმატებებს ვუსურვებ“.

გავრცელებული ხმების თანახმად, საქართველოს თასის მფლობელის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს იწვევენ. „საბურთალოს“ პრეზიდენტს კომენტარი ამის შესახებაც ჩამოვართვით: „ახალ 4-5 წლიან გეგმას შევადგენთ და იმ მწვრთნელს მოვიწვევთ, ვინც მის განხორციელებას მოახერხებს. ცეცაძეს პირველად პროფესიულ ფეხბურთში ნდობა „საბურთალომ“ გამოუცხადა. მისი კვალიფიკაცია, პიროვნული თვისებები და საქმისადმი მიდგომა კი სამაგალითოა – ჩვენ ახალ მთავარ მწვრთნელს სწორედ ასეთ ხალხში მოვიაზრებთ. მაგრამ ჭიაბრიშვილი დღეს გადადგა და დღესვე როგორ გითხრათ, ახალ მთავარ მწვრთნელად ვის დავნიშნავთ. ჩამოვყალიბდებით და მალე ვიტყვით“.