„საბურთალოს“ მწვრთნელი - „სტიაუასთან“ მოგება შეგვეძლო, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა #1TVSPORT
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ ბუქარესტის „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი მატჩის წაგების (2:4) და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა და სინანული გამოხატა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ვერ გამოიყენეს.
„პირველ რიგში, ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს – პირველ ნახევარში მოწინააღმდეგემ წნეხში მოგვაქცია, მიუხედავად ამისა, 2-3 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და გოლის გატანა გვმართებდა. ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს გოლი თავად გავუშვით.
მეორე ნახევარში ცვლილებები განვახორციელეთ და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მასპინძლებმა მალევე გაგვიტანეს – დასანანი გოლი გავუშვით.
საერთო ჯამში, შეგვეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ალბათ, უფრო გამოცდილება დაგვაკლდა. ძალიან საწყენია მარცხი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. იმედია, მომავალში კიდევ მოგვეცემა ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.