„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - „არარატ-არმენიას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპიც უნდა გავიაროთ
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - „არარატ-არმენიას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპიც უნდა გავიაროთ

ხვალ, 6 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ ერევანში „არარატ-არმენიას“ შეხვდება.

საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ისევე, როგორც ყოველთვის, ხვალაც გამარჯვების იმედი მაქვს. ახლა მთავარია, დავძლიოთ მესამე ეტაპი და გადავიდეთ დასკვნით მატჩებზე. მეტოქის რამდენიმე მატჩი ვნახეთ. კარგი გუნდია, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. „არარატ-არმენიაში“ სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ. ჰყავთ გამოცდილი და კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი. ისინი ცდილობენ ფეხბურთის თამაშს. „საბურთალო ევროტურნირებზეც თამაშობს და ეროვნულ ჩემპიონატშიც. ვფიქრობ, ეს ფაქტორი გარკვეული უპირატესობაა, რადგან ჩემი ფეხბურთელები შეთამაშებულები არიან. კარგი იქნება, თუ კარს „მშრალად“ შევინახავთ და გოლს გავიტანთ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კარგი შანსი გვექნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

დღეს გაიმართა ევროპალიგის პლეიოფის კენჭისყრა, რომლის შედეგებმაც „საბურთალოს“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი მისცა. საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონებს შორის გამარჯვებულის მეტოქე ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონურ „კალიუს“ შორის გამარჯვებული იქნება.

ფლეიოფში სავარაუდო მეტოქეებზე ინფორმაციის მიღება ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა ვიცი – გამარჯვების შემთხვევაში, ვისაც შეიძლება შევხვდეთ. როგორც უნდა მორჩეს ხვალინდელი მატჩი, ყველაფერი 14 აგვისტოს თბილისში გადაწყდება. ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი მეტოქე გვყავს, ვიდრე შესაძლოა მომავალში გვყავდეს. არ მიყვარს წინასწარ საუბარი და პროგნოზების გაკეთება, თუმცა იმ მეტოქეებიდან, ვინც შესაძლოა შეგვხვედროდა, საუკეთესო წყვილი გვერგო. ფეხბურთელებისთვის, ეს რა თქმა უნდა მოტივაციაა, მაგრამ მეორე მხრივ, მძიმე ტვირთიც. ესა თუ ის ბარიერი აუცილებლად გადასალახავი რომ არის, თავისებური წნეხია. „არარატ-არმენიას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ, შემდეგი ეტაპიც გავიაროთ“, – აღნიშნა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

დატოვე კომენტარი