„მიუხედავად იმისა, რომ სულ სახლში ვარ, მაინც ფეხბურთით ვცხოვრობ – ვუყურებ „საბურთალოს“ განვლილ თამაშებს, ვაკეთებ ანალიზს, ვნახულობ, თუ რა შეცდომები გვქონდა. ვფიქრობ იმაზეც, როდესაც გადაწყდება ვარჯიშების განახლება, რა დრო გვექნება მოსამზადებლად, რათა ჩემპიონატს სასურველ სპორტულ ფორმაში შევხვდეთ“, – ამბობს „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელი თემურ შალამბერიძე.
„საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელი იმედონებს, რომ საფეხბურთო ცხოვრება მალე განახლდება:
„რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვავალდებულებს, ყველა წესს ვიცავ. ექიმებისა და სპეციალისტების რჩევებს ვითვალისწინებ. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს, მადლობას გადავუხდი. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავბრუნდებით“.
თემურ შალამბერიძე ლაპარაკობს, ვარჯიშის შეწყვწეტის პირობებში ფეხბურთელები ფორმის შენარჩუნებას როგორ ცდილობენ – შალამბერიძემ ასევე ტრავმირებულებსა და ლეგიონერებზეც ილაპარაკა:
„ასეთი მდგომარეობაში ფორმის შენარჩუნება იოლი არ არის, თუმცა ინდივიდუალურად სავარჯიშო პროგრამა ყველას დავურიგეთ და ასე ვარჯიშობენ. ლეგიონერების უმრავლესობამ კი საქართველო დატოვა და ოჯახებს დაუბრუნდნენ. რაც შეეხებათ გიორგი კოხრეიძესა და ლევან კაკუბავას, რომლებმაც ჩემპიონატის სტარტზე ტრავმები მიიღეს, ახლა უკეთ არიან. როდესაც განახლდება ვარჯიშები, ისინი საწვრთნელ პროცესს გუნდთან ერთად დაიწყებენ“.
„საბურთალოს“ დამრიგებელმა ჩემპიონატის შესაძლო განახლებაზე ილაპარაკა: „პირველობა ზაფხულში თუ დაიწყება, ალბათ 2 წრედ ჩატარება – ეს ყველაზე სწორი და სამართლიანი იქნება. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. დრო გვიჩვენებს, რა ფორმატით განხლდება პირველობა. ეროვნული ლიგის მწვრთნელებთან ურთიერთობა მაქვს – ყველა ამ ეპიდემიის დასრულების მოლოდინშია. მოსამზადებლად , ალბათ, გარკვეული დრო გვექნება და სავარაუდოდ ადგილზე მოვემზადებით, რადგანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას ვერ შევძლებთ. ეს პრობლემა მთელს მსოფლიოშია მოდებული და არ ვიცით, სხვაგან რა მდგომარეობა იქნება. მარტო ჩვენ არა, სავარაუდოდ სხვა ქართულ გუნდებსაც შეკრების ადგილზე გავლა მოუწევთ“.