„საბურთალოს“ მოლდოველი ლეგიონერები ტიტულის მოპოვებას იმედოვნებენ
„საბურთალოს“ მოლდოველი ლეგიონერები ტიტულის მოპოვებას იმედოვნებენ

„საბურთალოს“ მოლდოველმა ლეგიონერებმა, ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ მუდრაკმა და ნახევარმცველმა დმიტრი მანდრიჩენკომა საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე ილაპარაკეს.

ვიქტორ მუდრაკი: „ყველაფერი კარგად გავაანალიზე და გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი. შთაბეჭდილებები დადებითია, კარგ გარემოში ვიმყოფები. საინტერესო ვარჯიშები გვაქვს. დანარჩენს დრო და ოფიციალური მატჩები გვიჩვენებს. „საბურთალო“ 2019 წლის ზაფხულიდან მახსოვს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, „შერიფს“ მოუგო. ტირასპოლში „საბურთალოს“ თამაშით ყველა გაოცებული დარჩა. მაშინ გუნდმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და დიდი ანგარიშით მოიგო. ამ შედეგს მოლდოვაში ბევრი არ მოელოდა. ჩემთვის საქართველოში თამაში ახალი გამოწვევაა“.

დმიტრი მანდრიჩენკო: „ტირასპოლის „შერიფთან“ ჩატარებულმა მატჩმა მეც გამაკვირვა, არ მეგონა, „საბურთალო“ ასეთი ანგარიშით თუ იმარჯვებდა. ზოგადად, ქართველები ყოველთვის ტექნიკური ფეხბურთელები არიან და მათ წინააღმდეგ თამაში რთულია. ვიცი, რომ „საბურთალომ“ მოკლე დროში ყველა ტიტული მოიგო, რაც არ არის პატარა ამბავი. ვეცდები, მეც შევიტანო წვლილი გუნდის განვითარებაში. უცხოდ თავს ნამდვილად არ ვგრძნობ, გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. მართალია, 2019 წლის შემდეგ „საბურთალო“ გადახალისებულია, მაგრამ იმ შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი ისევ თამაშობს. ჩემს კარიერაში ლეგიონერი პირველად ვარ და იმედია, კარიერას წარმატებით გავაგრძელებ“.