„საბურთალოს“ მცველი - ახალი ფორმატით ყველა მატჩი უკანასკნელივით მნიშვნელოვანია
ანრი ჭიჭინაძე „საბურთალოს“ წლეულს ზამთარში შეუერთდა და გუნდს საკმაოდ ადვილად შეეგუა. 22 წლის მცველის აზრით, წლევანდელი სეზონის შეცვლილი ფორმატი „საბურთალოს“ ჩემპიონობის შანსს უნარჩუნებს.
„წლევანდელი ჩემპიონატი წინა წლებისგან განსხვავებული და მოკლე იქნება. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მატჩი ბოლო შეხვედრასავითაა. შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, რადგან მოკლე ჩემპიონატია და მერე მისი გამოსწორება რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცხრილის შუაში ვართ, ერთი მოგებით რამდენიმე ადგილით დავწინაურდებით. ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა და სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია“ – ამბობს ანრი ჭიჭინაძე.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 22 წლის ცენტრალურ მცველს ტიტულები მრავლად დაუგროვდა – არის ეროვნული ლიგის გამარჯვებული, ორჯერ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი აღმართა, სამჯერ – სუპერთასი. ფეხბურთელი აცხადებს, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მორიგი ჯილდოების შემატება „საბურთალოსთან“ ერთად სურს:
„ჯერ ახალგაზრდა ვარ და, რა თქმა უნდა, წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი. მინდა ჩემს კოლექციას მომავალში კიდევ შევმატო ტიტულები და გავამდიდრო ის. მოპოვებული ჯილდოები ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება“, – ამბობს ანრი ჭიჭინაძე.