საბურთალოს კოტდივუარელი ახალწვეული - მინდა, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო
საბურთალოს ახალწვეული ინტერს გი კლუბთან ერთად ახალი ტიტულების მოპოვებაზე ოცნებობს და ახალი კლუბის სათამაშო სტილი მოსწონს.
კოტ-დივუარელმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო საბურთალოში სადებიუტო გოლის გატანა – თურქულ შეკრებაზე სერბულ ნაპრედაკის კარში მესამე ბურთი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
„მართალია, ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ გოლი ყოველთვის სასიამოვნოა. თუმცა, ეს თანაგუნდელების დახმარებით მოხდა. იმედია, საბურთალოს მაისურით კიდევ ბევრს გავიტან. თურქეთში შეკრებაზე საბურთალომ ორი ამხანაგური მატჩი გამართა. რუმინეთის ვიტორულთან მატჩი უფრო რთული იყო, ვიდრე სერბეთის ნაპრედაკთან. მეორე შეხვედრაში მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. ორივე სპარინგ-მატჩი აგრესიული გამოვიდა. ევროპაში სწორედ ასეთ ფეხბურთს თამაშობენ“ – ამბობს ინტერს გი.
აფრიკელმა ლეგიონერმა საბურთალოში საკუთარ მიზნებზეც ილაპარაკა:
„მინდა, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო – სუპერთასი, ქვეყნის თასი, ჩემპიონობა. იმედი მაქვს, ჩემი თამაშით გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარები – როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე. საბურთალო კარგი კლუბი რომ იყო, ვიცოდი. საქართველოში გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და მეტ-ნაკლებად ქართულ კლუბებზე წარმოდგენა მქონდა. გუნდში იდეალური ატმოსფერო დამხვდა, ყველა თავის საქმის პროფესიონალია. დაახლოებით ორი კვირაა, რაც კლუბში ვირიცხები და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საბურთალოში დიდი ხანია ვთამაშობ. გუნდი ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარია, რომელიც ძალიან მიყვარს“.