„საბურთალოს“ კიდევ ერთი ტრანსფერი - თასის მფლობელმა ნოდარ ქავთარაძე დაიმატა #1TVSPORT
„საბურთალომ“ კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. მომავალი სეზონიდან გუნდში ნოდარ ქავთარაძე ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
„28 წლის ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე, რომელიც ბოლოს თბილისის „დინამოში“ ასპარეზობდა, მომავალი წლიდან დედაქალაქურ „საბურთალოში“ ითამაშებს. ახალწვეულმა კლუბთან უკვე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ქავთარაძეს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, არჩევანი „საბურთალოზე“ გააკეთა“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.
„საბურთალოს“ 27 წლის ახალწვეული რუსეთში იზრდებოდა. ქავთარაძე მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის სარეზერვო შემადგენლობაში გამოდიოდა. ასევე თამაშობდა თბილისის „ლოკომოტოვში“ გორის „დილაში“, „დინამო თბილისში“, უნგრულ „მეზოკოვედში“.
უნგრეთში ფეხის მოკიდება ტრავმის გამო ვერ მოახერხა, გასულ სეზონში საქართველოში დაბრუნდა და ისევ „დინამო თბილისის“ ფორმა მოირგო, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ქავთარაძემდე, „საბურთალომ“ „დინამო თბილისიდან“ დაიმატა მცველი ნოდარ იაშვილი, ხოლო ლაშა შინდაგორიძე – ბათუმის „დინამოდან“, სადაც 28 წლის ფლანგის შემტევი ლაშა საქართველოს ჩემპიონი გახდა.