„საბურთალოს“ კაპიტანი ტრავმირებულია - კოხრეიძე ვარჯიშებს 6-8 კვირაში განაახლებს #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძეს ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, მაგრამ მინიმუმ თვენახევარი გაუცდება, – ინფორმაციას „საბურთალოს“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
თავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალურ შეხვედრაში „დილასთან“ „საბურთალოს“ კაპიტანი გიორგი კოხრეიძე 41-ე წუთზე დაშავდა და მოედანი საკაცით დატოვა. შეშფოთებას ის იწვევდა, რომ გიორგიმ ჯვარედინ იოგზე ტრავმა 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ მოირჩინა, ახლაც „საბურთალოს” კაპიტანმა იგივე მუხლი დაიზიანა.
„საბურთალოს“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელს გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც შესაბამისი მკურნალობის კურსი დაიგეგმა. უფრო კონკრეტულად ტრავმის შესახებ „საბურთალოს” ექიმმა, ლევან ქებაძემ ისაუბრა.
„გიორგი კოხრეიძეს თამაშის შემდეგ პირველადი გამოკვლევა ჩაუტარდა. ამ დროისთვის მდგომარეობა საგანგაშო არაა, თუმცა საყურადღებოა. ჯვარედინი იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება არ ჩანს, მაგრამ შეშუპებულია და მცირედით დეფორმულია. დაიგეგმა შესაბამისი მკურნალობის კურსი, მდგომარეობის შეფასება კი დინამიკაში მოხდება. განმეორებითი კვლევა ჩატარდება 10 დღეში, რის შემდეგაც შემდგომი მკურნალობის სტრატეგია უფრო კონკრეტულად გვეცოდინება. დღევანდელი მდგომარეობით თუ დინამიკა დადებითად განვითარდა, გიორგი საწვრთნელ პროცესს 6-8 კვირის განმავლობაში დაუბრუნდება. ოპერაცია ევროპაში გაიკეთა და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საქმის კურსში ესპანელი ექიმი ჩაგვეყენებინა. მასაც გადავუგზავნეთ შესაბამისი გამოკვლევები. ჯვარედინ იოგზე ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრავმაა ფეხბურთში და ამ ოპერაციიდან პირველ 24 თვეში ტრავმის განმეორების რისკი არსებობს“, – ამბობს ლევან ქებაძე.