„საბურთალომ“ წარმატებული თამაშების სერია ეროვნული ლიგის მე-17 ტურშიც გააგრძელა. ომარ თეთრაძის გუნდი „თელავს“ ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „თელავმა“ სტუმრებს თავიდან დიდი პრობლემები შეუქმნა. გიორგი მიქაძის გუნდი უტევდა, მაგრამ ანგარიში „საბურთალომ“ გახსნა 45+2-ე წუთზე. თბილისელების შესრულებული კუთხური გიორგი ჯგერენაიამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
„თელავმა“ მეორე ნახევარი აგრესიულად დაიწყო და სამწუთიან მონაკვეთში სამჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ „საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ ნიკა ყიფიანის, იმედა აშორტიასა და კულე მბომბოს დარტყმებზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.
დედაქალაქურმა გუნდმა თავისი შანსებით ისარგებლა, ამაში დიდი როლი შეცვლაზე შესულმა ლუკა სილაგაძემ ითამაშა. თბილისელთა ნახევარმცველმა 74-ე წუთზე საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა. 88-ე წუთე კი მისი გადაცემით გიზო მამაგეიშვილმა მასპინძლებს მესამე გოლიც გაუტანა.
„საბურთალომ“ ათ მატჩამდე გაზარდა წარმატებული თამაშების სერია, რომელიც მერვე ტურში „თელავთან“ ანალოგიური ანგარიშით მოგებით (3:0) დაიწყო. თბილისელებმა 17 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრეს ბათუმის „დინამოს“ (35).